geo eng rus
ორშაბათი, 26 ივნისი, 2017. 07:39
დავით ნარმანია: "თბილისმა მდინარე მტკვარი რეკრეაციული ფუნქციით უნდა გამოიყენოს"
2017-06-16 10:00:01
+
-

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ევროპის ქალაქებში, მდინარის რეკრეაციული ფუნქციით გამოყენების არაერთი წარმატებული მაგალითი არსებობს, რომლებიც თბილისმაც უნდა გაითვალისწინოს და ამ თვალსაზრისით მდინარე მტკვრის რესურსი გამოიყენოს.

 


​როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პორტალ „კვირასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, გერმანიაში ვიზიტისას უცხოელმა პარტნიორებმა საქართველოს დელეგაციის წევრებს მიუნჰენში განხორციელებული მსგავსი პროექტი დაათვალიერებინეს.

 

დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ჯგუფმა აბანოთუბნის ერთი ნაწილის გახსნის იდეა წამოაყენა, რათა მოქალაქეებს მდინარის სანაპიროსთან უფრო ახლოს მისვლა შეეძლოთ. მეორე მხრივ, საუბარია დიღმის ჭალების ტერიტორიაზე, რომელიც სამომავლო განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ტერიტორიაა.

 

„მდინარის ნაპირი იმგვარად უნდა მოეწყოს, რომ იქ, მოქალაქეების განსატვირთად, საინტერესო სივრცე მოეწყოს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

მისივე თქმით, მდინარე მტკვარი საბჭოთა მმართველობის არსებობის განმავლობაში და მის შემდეგაც არ გაწმენდილა, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქალაქის ტერიტორიაზე მდინარის კალაპოტი სხვადასხვა ნარჩენებისგან გაესუფთავებინათ.

 

„ეს ნარჩენები ეკოლოგიურად გარკვეული საფრთხის შემცველი იყო, ამიტომ საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები ჩავატარეთ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შესაბამის უწყებებს მადლობა გადავუხადო ამ სამუშაოებში ჩართვისთვის", - განაცხადა ნარმანიამ.