geo eng rus
ორშაბათი, 01 მაისი, 2017. 02:33
აშშ-ში ადასტურებენ, რომ რუსეთთან ტრამპის შესაძლო კონტაქტების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს
2017-03-21 09:00:09
+
-

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი ადასტურებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება რუს ოფიციალურ პირებსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდის წევრებს შორის შესაძლო კონტაქტების დასადგენად. კომიმ ეს განცხადება გააკეთა 20 მარტს წარმომადგენელთა პალატის საკომიტეტო მოსმენაზე, რომელსაც ითვალისწინებს გამოძიება აშშ-ში 2016 წლის საარჩევნო კამპანიაზე რუსეთის სავარაუდო გავლენის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად. „როგორც ცნობილია, ჩვეულებრივ, არ ვადასტურებთ ხოლმე გამოძიების მიმდინარეობის ფაქტს, განსაკუთრებით ისეთი გამოძიებისას, რომელიც გასაიდუმლოებულ მასალებს მოიცავს. მაგრამ გამონაკლის შემთხვევებში, როცა საქმე საზოგადოებრივ ინტერესს ეხება, შესაძლოა, ეს გამართლებული იყოს, როგორც გათვალისწინებულია იუსტიციის სამინისტროს წესებით. ახლა საქმე სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს", - განაცხადა კომიმ. ასევე კომის განცხადებით, გამოძიების ფედერალურ ბიუროს არ გააჩნია ინფორმაცია, რომელიც გაამყარებდა ტრამპის მიერ გამოთქმულ ბრალდებას, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას მმართველობისას ობამას დავალებით უსმენდნენ ტრამპის კერძო ოფისებს ნიუ-იორკში.

 

დაზვერვის საკითხების კომიტეტი არის აშშ-ის კონგრესის კომიტეტებიდან მხოლოდ ერთ-ერთი, რომელიც იძიებს წინასაარჩევნო კამპანიაში რუსეთის შესაძლო ჩარევას. აშშ-ის დაზვერვის სააგენტოებმა იანვარში გამოაქვეყნეს ანგარიში, რომლის თანახმადაც, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თვითონ გასცა განკარგულება აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიაზე გავლენის მოსახდენი ზომების მიღების შესახებ. ამ ანგარიშის თანახმად, რუსეთის ზომები ითვალისწინებდა ჰაკერულ თავდასხმებს, ინფორმაციის გაჟონვასა და სხვა ზომებს, რათა ძირი გამოეთხარა აშშ-ის საარჩევნო სისტემის მიმართ ნდობისათვის და შეემცირებინა არჩევნებში პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, ჰილარი კლინტონის, გამარჯვების შანსი. ამ ანგარიშის თანახმად, რუსეთი აშკარად უპირატესობას ანიჭებდა ტრამპის გამარჯვებას.

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საკომიტეტო მოსმენა დიდ ინტერესს იწვევს საკუთრივ შეერთებულ შტატებშიც და მის საზღვრებს მიღმაც, რადგან გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი, ისევე როგორც უშიშროების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი მაიკ როჯერსი, პირველად აკეთებს განცხადებას აშშ-ში 2016 წლის საარჩევნო კამპანიაზე რუსეთის სავარაუდო ზემოქმედებასთან დაკავშირებულ გამოძიებაზე.

 

ვიდრე სიტყვას დაუთმობდნენ კომიტეტის სხდომაზე მიწვეულ ჯეიმს კომის და მაიკ როჯერსს, დემოკრატმა კონგრესმენმა ადამ შიფმა გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთმა ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწყო "აქტიური ზომები", რომელთა მიზანიც იყო ჰაკერული თავდასხმებით ინფორმაციის მოპოვება ვაშინგტონში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების ორგანიზაციებისაგან. "ჩვენ არ ვიცით, აქტიური მოქმედება რუსეთმა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით დაიწყო, რომ საიდუმლო ინფორმაცია მოეპოვებინა, თუ თავიდანვე უფრო მეტი ჰქონდა ჩაფიქრებული. ეს არის ერთ-ერთი კითხვა, რომელზეც იმედი გვაქვს, პასუხს მივიღებთ. სამაგიეროდ, დაბეჯითებით ვიცით შემდეგი: 2016 წლის ივლისი და აგვისტო გადამწყვეტი თვეები იყო. სწორედ ამ დროს დაიწყო რუსეთმა მოპარული ინფორმაციის გამოყენება საიმისოდ, რომ დახმარებოდა დონალდ ტრამპს და ზიანი მიეყენებინა ჰილარი კლინტონისთვის. კითხვა ასე ჟღერს: რატომ?", - განაცხადა კონგრესმენმა ადამ შიფმა მოსმენაზე ვაშინგტონში, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის საკითხების კომიტეტში.

 

რუსეთი უარყოფს აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიაზე ზეგავლენის ბრალდებას და ტრამპიც უარყოფს აზრს, თითქოს მას და მისი გუნდის წევრებს დაუშვებელი კონტაქტები ჰქონდათ რუს ოფიციალურ პირებთან.

 

„რადიო თავისუფლება“