geo eng rus
ორშაბათი, 01 მაისი, 2017. 02:33
დაპირისპირებაში გადასული საპროტესტო აქცია ბათუმში - არიან დაკავებულები
2017-03-12 09:42:30
+
-

ვითარება ბათუმში 12-საათიანი დაპირისპირების შემდეგ, დილის 06:00 საათისთვის განიმუხტა. სპეცდანიშნულების რაზმებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შსს აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩაატარეს.

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის თქმით, წუხელ ბათუმში მომხდარი დაპირისპირების შედეგად სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 40-მდე ადამიანი დააკავეს. მისი განმარტებით, ზოგიერთი მათგანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა.

 

„წუხელ მთელმა საქართველომ იხილა ის ვანდალიზმი, რომელიც ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა. პოლიციის ჩარევის შედეგად მასშტაბები ერთ ქუჩას არ გასცდენია. მინდა გითხრათ, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული გვყავს დაახლოებით 40-მდე ადამიანი, ვინც ამ ვანდალიზმში იღებდა მონაწილეობას.

 

მე პირობას ვდებ, რომ დაუსჯელი ნამდვილად არავინ დარჩება, ვინც იყო ორგანიზატორი და მონაწილე ამ ვანდალური აქტისა და აქვე მინდა გითხრათ, რომ სიტუაცია აბსოლუტურად ექვემდებარება კონტროლს. პოლიცია სრულად აკონტროლებს სიტუაციას. მსგავსი ქაოსი და ნებისმიერი სახის არეულობა საქართველოს ტერიტორიაზე ვერ მოხდება. პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე, პოლიციამ გამოიყენა ადეკვატური, პროპორციული ძალა და მინდა გითხრათ, რომ ეს ქალაქი ააცილა უფრო მეტ ვანდალურ აქტებს, ვიდრე ეს ჩაიტია ერთმა ქუჩამ" - უხრა მღებრიშვილმა ჟურნალისტებს.

 

შეკითხვაზე, გადააყენებენ თუ არა თანამდებობიდან აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსს, მინისტრი პასუხობს, რომ ყველა პრეტენზიას, რომელიც მისი მისამართით გამოითქვა, დეტალურად შეისწავლიან. მან ასევე განმარტა, რომ საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს, თუმცა ამ ეტაპზე ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.

 

„თუ ვინმეს თავში იხარშება, რომ აპირებს კიდევ მსგავს გამოსვლას, ჩემი რჩევა იქნება, რომ ყველა დარჩეს სახლში და მსგავს არეულობაში მონაწილეობა არ მიიღოს. წინააღდეგ შემთხვევაში პოლიცია გამოიყენებს ადეკვატურ, პროპორციულ ძალას კიდევ ერთხელ და აჩვენებს თავის პროფესიონალიზმს და არ დაუშვებს საქართველოს მაშტაბით მსგავს არეულობას" - თქვა მინისტრმა.

გვიან ღამით დემონსტრანტებსა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირების შედეგად ბათუმის საავადმყოფოებში 34 დაშავებული შევიდა.

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის თქმით, მათგან 15 სამართალდამცავი იყო, რომელთაც უმეტესად ზედაპირული ტრავმები და ჭრილობები აღენიშნებოდათ სახის არეში.

 

რაც შეეხება მოქალაქეებს, მათ დაზიანებები ძირითადად ცრემლმდენი გაზის ზემოქმედების შედეგად მიიღეს, რაც თავბრუსხვევასა და თვალების წვაში გამოიხატებოდა.

 

„ამ დროსითვის პრაქტიკულად ყველა ამბოლატორული მკურნალობით გაიეწერა, ერთი რჩება რეფერალურ კლინიკაში დაკვირვების ქვეშ. მოქალაქე, რომელიც წაიქცა და თავის ტვინის შერყევის სავარაუდო დიაგნოზით დაკვირვების ქვეშ არის. და მერე არის ქალბატონი ციალა ქათამიძე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი აჭარაში, რომელიც სულ ერთ საათის წინ შემოვიდა რესპუბლიკურ კლინიკურ სავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით, რაც ცრემლდენი გაზის მოქმედებას უკავშირდება" - უთხრა ზაალ მიქელაძემ „ლიბერალს".

 

მისივე განმარტებით, უშუალოდ აქციის დაშლის დროს დაშავების გამო ბათუმის საავადმყოფოებისთვის მოქალაქეებს არ მიუმართავთ.

 

საგანგებოდ მინდა მივმართო ყველას, ვინც მზად არის ფეხქვეშ გათელოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი მოქალაქეების უფლებები, ისინი სახელმწიფოსგან უმკაცრეს პასუხს მიიღებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმა ყველას მოუწოდა, რომ დაემორჩილონ კანონს და პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს.

 

"საგანგებოდ მინდა მივმართო ყველას, ვინც მზად არის ფეხქვეშ გათელოს ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი მოქალაქეების უფლებები, ისინი სახელმწიფოსგან უმკაცრეს პასუხს მიიღებენ. მოვუწოდებ ყველას, დაემორჩილოს კანონს და პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუტებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

 

ბათუმში, აჭარის მთავარ სამმართველოსთან ამ დროისთვის სიმშვიდეა. ადგილზე დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. შესაბამის სამუშაოებს აწარმოებენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც.

 

აქცია, რომელიც გუშინ დაიწყო, ღამით გამწვავდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის რამდენიმე ავტომანქანა დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს, ასევე დაამსხვრიეს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმი, რომელსაც მომიტინგეების წინააღმდეგ რამდენჯერმე ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენება დასჭირდა.

 

დაპირისპირება ბათუმში მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა პარკირების წესების დარღვევის გამო 2 მძღოლი ჯერ დააჯარიმეს, შემდეგ კი დაუმორჩილებლობის მოტივით, დააკავეს. ამ ფაქტს თვითმხილველების უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა. შედეგად, პოლიციამ 6 პირი დააკავა. დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით მოქალაქეები აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან შეიკრიბნენ და მათი გათავისუფლება მოითხოვეს.

ფოტო

 

მასალაში გამოყენებულია "ნეტგაზეთის" და "ბათუმელების" ფოტოები