geo eng rus
სამშაბათი, 21 თებერვალი, 2017. 10:16
საქართველო და NATO-ს მიზნები შავი ზღვის უსაფრთხოებაში - ახალი გადაწყვეტილებები
2017-02-17 11:00:23
+
-

-საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება - ასეთი იყო 16 თებერვალს NATO-საქართველოს კომისიის ფორმატში განსახილველი ძირითადი თემების ჩამონათვალი. NATO-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ სხდომაში, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უძღვებოდა, მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელიც ქვეყნისთვის „განსაკუთრებით საინტერესო თემად" მიიჩნევს შავი ზღვის უსაფრთხოების პერსპექტივებსა და კონკრეტული გეგმების განხილვას, თუმცა დასკვნითი პრესკონფერენციის მსვლელობისას ამ თემაზე მხოლოდ ზოგადად ილაპარაკა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. რამდენად იმედისმომცემია შავი ზღვის უსაფრთხოების პერსპექტივები?

 

NATO კვლავაც მტკიცედ და ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, კვლავაც ძალიან ემადლიერება ერთგულ პარტნიორ ქვეყანას საგანგებო მონაწილეობისთვის გლობალური მშვიდობის უზრუნველმყოფ მისიებში და მუდამ მზად არის დახმარებისთვის განვითარების გზაზე, განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა 16 თებერვალს NATO-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. როდესაც საქართველოს დახმარებაზე ლაპარაკობს, იენს სტოლტენბერგი ახსენებს არსებით პაკეტს, როგორც ძლიერ ინსტრუმენტს, გამიზნულს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და NATO-ში გაწევრიანების სურვილის ასრულებისთვის. ყურადღების მიღმა, ცხადია, არ რჩება NATO-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი და იქ გამართული მასშტაბური სამხედრო წვრთნები.

 

ხუთშაბათს ალიანსის გენერალურმა მდივანმა საგანგებოდ აღნიშნა, რომ NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებს შორის იყო საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები, მათ შორის საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. მართალია, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ კომისიის სხდომაზე გაიმართა კონსულტაციები შავი ზღვის უსაფრთხოებასა და რეგიონში NATOს წარმომადგენლობის გაძლიერებასთან დაკავშირებითაც, მაგრამ მას პრესკონფერენციაზე არ დაუკონკრეტებია, თუ რა როლი დაეკისრება საქართველოს NATO-ს შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის განხორციელების ჭრილში. გენერალური მდივანი ზოგადი კომენტარით შემოიფარგლება და ამბობს, რომ ალიანსი მუშაობს საქართველოსთან რეგიონში არსებული გამოწვევების გარშემო, უსმენს საქართველოს და იღებს ინფორმაციას მისგან, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყნისგან. „ჩვენი თავდაცვითი პროგრამების განხილვის კომიტეტი (DPRC), ვფიქრობ, მარტში ანდა წლის ბოლომდე შეხვდება საქართველოს... ჩვენ გვაქვს ინფორმაცია საქართველოდან შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ, რაც ასევე წარმოადგენს შავი ზღვის უსაფრთხოების სიტუაციასთან დაკავშირებული ჩვენი შეფასებების ნაწილს. მაისში NATOს საპარლამენტო ასამბლეა ესტუმრება საქართველოს და ეს იქნება დიდი ღონისძიება, NATOს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ბევრი პარლამენტარის მონაწილეობით. მარტში კი საქართველოში შედგება NATOს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი. ასე რომ, დაგეგმილია აქტივობათა ფართო სპექტრი... ჩვენ ვსწავლობთ ერთმანეთისგან, ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს, რაც გულისხმობს წვრთნებს, ტრენინგებსა და შესაძლებობების განვითარებას".

 

2016 წლის ივლისში NATO-ს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება არის შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე ალიანსის საპასუხო ნაბიჯი რუსეთის მიერ შავ ზღვაში თავისი წარმომადგენლობის გაძლიერების კვალდაკვალ. კერძოდ, საუბარია რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის მნიშვნელოვან ზრდაზე შავი ზღვის რეგიონში და, მათ შორის, ანექსირებულ ყირიმშიც. საქართველო რომ ჩართული იქნება ამ პროცესში, მას შემდეგ ეს ბევრჯერ ითქვა NATO-ს ლიდერებისა თუ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან (და ეს აქცენტები, მაგალითად, დაისვა 7-8 სექტემბერსაც, როცა თბილისს სტუმრობდა ჩრდილოატლანტიკური საბჭო, NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, თავმჯდომარეობით), თუმცა დეტალები დღემდე არ დაკონკრეტებულა და ამ საკითხს საგანგებო საჯარო ყურადღება არ დასთმობია თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში (14-16 თებერვალს).

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, NATO-საქართველოს სხდომის დაწყებამდე შეხვდა. თავდაცვის სამინისტრო საგანგებოდ აღნიშნავს იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ NATO-საქართველოს კომისიის სხდომა NATO-ს მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. ლევან იზორიას განმარტებით, საქართველოს ამ დღეებში ჰქონდა კარგი შესაძლებლობა ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის საკუთარი ხედვა წარედგინა და მაქსიმალური მხარდაჭერაც მიეღო. სხვათა შორის, თავდაცვის მინისტერიალის დასრულების შემდეგ აშშ-ის ახალმა თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მატისმა, საქართველოს „NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი" უწოდა და აღნიშნა, რომ ის აფასებს და პატივს სცემს საქართველოს წვლილსა და თავგანწირვას NATOს საბრძოლო მოქმედებებში ავღანეთში.

 

როდესაც NATO-ს მინისტერიალთან დაკავშირებულ ინტერესებზე ლაპარაკობდა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქვეყნისთვის „განსაკუთრებით საინტერესო თემად" მოიხსენია შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების პერსპექტივა და საქართველოს კონკრეტული ჩართულობა ამ მიმართულებით: „ჩვენ საფუძვლიანად ვიმუშავეთ, ჩვენი კონკრეტული წინადადებები წარვუდგინეთ უკვე NATOს, თუ რა ფორმით შეიძლება საქართველო იყოს ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოების პრაქტიკულ ღონისძიებებში. საქართველო უკვე ჩართულია სტრატეგიულ დისკუსიებში, მაგრამ აქ ლაპარაკია პრაქტიკულ ღონისძიებებზე".

 

თუკი შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგია განხორციელდა, ცხადია, NATO-ს შესაძლებლობა ექნება უფრო სწრაფად და ეფექტურად შემოვიდეს სამხრეთ კავკასიაში და ორმხრივი სერიოზული კავშირები დაამყაროს - მათ შორის, საქართველოსთანაც - რუსეთის ზეგავლენების შესამცირებლად ამ რეგიონში და ეს ძალიან კარგი იქნებოდა, ამბობს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი, თუმცა ის ასევე ფიქრობს, რომ, NATOს წინაშე დღეს არსებული ფინანსური გამოწვევების გათვალისწინებით, ეს საკმაოდ ძნელად შესასრულებელი ამოცანა იქნება: „შავ ზღვაში NATO-ს გასაძლიერებლად აუცილებელია დიდი ფინანსები, რადგანაც აქ, პირველ რიგში, საუბარია შავ ზღვაში NATOს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებაზე. NATO-მ ორი მიმართულებით უნდა იმუშაოს - ან თანხები უნდა ჩადოს ამ ქვეყნების სამხედრო-საზღვაო და სანაპირო დაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ანდა თავისი წევრი ქვეყნების დანაყოფები გადმოისროლოს და განათავსოს სანაპირო ზოლებისა და პორტების გასაძლიერებლად... მთელი პროცესებია გასავლელი და ამისთვის საჭიროა დიდი თანხები, რის გაღებასაც, როგორც ჩანს, NATO-ს ძირითადი წევრი ქვეყნები არცთუ დიდი ხალისით აპირებენ".


NATO-ს ფინანსური საკითხები რომ აწუხებს, ეს თავდაცვის მინისტრთა ამ ბოლო თავყრილობის ფარგლებშიც გამოიკვეთა და თანხების დაზოგვის გამო მოკავშირეები გააკრიტიკა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა. 15 თებერვალს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე იენს სტოლტენბერგმა მოუწოდა NATO-ს წევრ ქვეყნებს, დაუდასტურონ შეერთებულ შტატებს თავიანთი მზაობა თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად.

 

ბრიუსელში, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიასაც შეხვდა. „ჩვენ შევხვდით NATO-ს უახლოეს პარტნიორს, საქართველოს. მე გამოვხატე ჩემი აღფრთოვანება და პატივისცემა საქართველოს კონტრიბუციისა და მათ მიერ გაღებული მსხვერპლის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანამ NATO-ს ბრძოლის ველზე, ავღანეთში გაიღო", - განაცხადა ჯეიმს მატისმა.   

 

„რადიო თავისუფლება“