geo eng rus
ხუთშაბათი, 23 თებერვალი, 2017. 10:35
"ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ავანსის დღგ-თი დაბეგვრა საბრუნავი საშუალებების წართმევის ტოლფასია".
2017-01-12 09:30:48
+
-

საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომელიც ავანსის დღგ-თი დაბეგვრას ითვალისწინებს, დეველოპერული კომპანიების შემდეგ უკვე ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებლი კომპანიებიც აპროტესტებენ. როგორც ცნობილია, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დროდ "ავანსის" გადახდის მომენტი განისაზღვრა, და თანხის გადახდა საქონლის მიწოდებამდე ხორციელდება. შესაბამის ცვლილებებს საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს. ცვლილება ძალაში 2017 წლის 1-ელი იანვრიდან შევიდა. 


საკითხს რამდენიმე დღის წინ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუაც გამოეხმაურა და განაცხადა,რომ ავანსის დღგ-თი დაბეგვრის შესახებ ცვლილებას მთელი რიგი ბიზნეს სუბიექტები მიესალმებიან. „ცვლილება სამშენებლო სექტორში ბიზნეს ურთიერთობების გაჯანსაღებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ეს ბიზნეს გარემოს მოწესრიგებისთვის მნიშნელოვანი გადაწყვეტილებაა და ბიზნეს სუბიექტებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები არ გამოუთქვამთ, არამედ პირიქით, მთელი რიგი ბიზნეს სუბიექტები აღნიშნულ ცვლილებას მიესალმებიან", - განაცხადა გაგუამ.


ავანსის დღგ-თი დაბეგვრის შესახებ ცვლილებას „კომერსანტის" მიერ გამოკითხული მსხვილი ინფრასტრუქტურული კომპანიების წარმომადგენლები ნეგატიურად აფასებენ. მათი უმრავლესობა აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტი კომპანიებს კიდევ უფრო უბიგებს ბანკი წილში შემოიყვანოს.

 

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებელი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „კავკაზუს როუდ პროჯექტის" ფინანსური მენეჯერი ნათია წიფურია განმარტავს, რომ ეს ცვლილება საკმაოდ ნეგატიურ შედეგს მოიტანს. მისი თქმით, კომპანია „კავკაზუს როუდ პროჯექტი" სახელმწიფო პროექტებზე მუშაობს, შედეგად, ტენდერის დროს მოსამზადებელი სამუშოებისთვის და მასალების შესაძენად გათვალისწინებულია ავანსი.

 

„ავანსი რომ მოგვცენ, ჩვენ წარვადგენთ ხოლმე საბანკო გარანტიას, რომელიც თავისთავნად ცალკე ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამ დროს კომპანიას თუ არ აქვს ქონება, უკვე გარკვეული პროცენტით თანხის „გაყინვა" ხდება. ამ შემთხევაში გამოდის,რომ თუ ავანსად გათვალიწინებულია 20 პროცენტი და აქედან მე ბიუჯეტს დღგ უნდა გადავუხადო, რეალურად მე 20 პროცენტის ნაცვლად ავიღებ დააახლოებით 16 პროცენტს. ამას გამოაკლდება საგარანტიო ხარჯი და რჩება ის თანხა, რომელიც სამუშოების გასაგრძელებლად საკმარისი აღარ იქნება"-აცხადებს წიფურია.

 

მისივე განმარტებით, აღნიშნული ცვლილების შედეგად კომპანიას პროექტის დასასრულებლად ნაკლები კაპიტალი დარჩება. ამას ემატება ლარის არასტაბილური კურსი და ისიც, რომ საქართველო ძირითადად იმპორტულ მასალებს მოიხმარს. შესაბამისად, გრძელვადიანი ტენდერის შემთხვევაში კომპანია ცდილობს, მასალების მობილიზება გააკეთოს იმისთვის, რომ კურსთაშორის სხვაობამ არ დააზარალოს. „ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ავანსის თანხას ბიუჯეტში გადაიხდი და ავანსიდან დარჩენილი თანხა სამუშაოების გასაგრძელებლად უკვე საკმარისი აღარ იქნება"-აცხადებს წიფურია.

 

კომპანია „კავკაზუს როუდ პროჯექტის" ფინანსური მენეჯერისთვის უცნობია, ვის გულისხმობდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და რომელი ბიზნესსუბიექტები მიესალმებიან ამ ცვლილებას. „არც ერთი მსხვილი კომპანია არ მეგულება, რომელსაც ეს ცვლილება გაახარებს"-აცხადებს წიფურია.

 

კითხვაზე, რა რისკის წინაშე დადგებიან ბიზნეს სუბიექტები, წიფურია აცხადებს,რომ ყველაზე მწვავედ ეს ცვლილება დეველოპერულ კომპანიებზე აისახება. თუმცა,არანაკლებად პრობლემური იქნება ტენდერებში მონაწილე სხვადასხვა კომპანიებისთვისაც.

 

„ჩვენს შემთხვევაში კი ავანსის თანხა სახელმწიფოს ალბათ, 20 პროცენტის ნაცვლად უფრო მეტი უნდა მოვთხოვოთ, რათა ეს ფული პროექტის დასასრულებლად გვეყოს. თუ ეს ასე არ იქნება, მაშინ მოუწევთ ბანკიდან სესხის აღება, რაც კიდევ დამატებითი ხარჯია"-აცხადებს წიფურია.

 

კომპანია „ბურჯი 21-ის" ფინანსური მენეჯერი გიორგი ქსოვრელიშვილი განმარტავს,რომ ავანსის დღგ-თი დაბეგვრა მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ პროცესებს გამოიწვევს. მისი თქმით,კომპანია ავანსს იმიტომ იღებს, რომ თანხაა საჭირო იმისთვის, რათა პროექტები დასრულდეს. შესაბამისად, ეს გარკვეულ პრობლემებს შექმნის.

 

ქსოვრელიშვილის განმარტებით, "ავანსის დღგ-თი დაბეგვრა კომპანიებისთვის საბრუნავი საშუალებების წართმევის ტოლფასია".

 

შპს "ლაგოდეხავტოგზას" ხელმძღვანელი გია წიქარიშვილი აცხადებს, რომ ეს ცვლილება საკმაოდ ნეგატიურად აისახება მის კომპანიაზე. მისივე განმარტებით, კომპანია ავანსს იმისთვის იღებს, რომ მასალები იყიდოს, მოიმარაგოს ამ შემთხვევაში კი ეს საშუალება იზღუდება.

 

წიქარიშვილისთვის გაურკვეველია, ვისთვის შეიძლება ეს ცვლილება კარგი იყოს. „რატომ უნდა იყოს კარგი, როდესაც ფული გაკლდება.სამუშაოების დასაწყისში კომპანიას ფული არ აქვს, ავანსით კი სამშენებლო მასალების შესყიდვას ახორციელებ, გამოდის რომ ამ შემთხვევაში ვეღარ შეისყიდი"-აცხადებს წიქარიშვილი.

 


ავტორი: სოფო ქსოვრელი