geo eng rus
ოთხშაბათი, 29 მარტი, 2017. 09:18
მეოთხე წელია სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი „ლაგუნა ვერე" უფუნქციოდაა დარჩენილი
2017-01-10 15:30:28
+
-

მეოთხე წელია თბილისის ერთერთი უმსხვილესი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი „ლაგუნა ვერე" უფუნქციოდაა დარჩენილი. ობიექტი 2014 წლის მარტში დაიხურა. ეს გადაწყვეტილება ხელმძღვანელობამ იმ პერიოდში ობიექტის არამომგებიანობით ახსნა. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ კომპლექსს მუშაობა, საუკეთესო შემთხვევაში 2015 წლის სეზონიდან უნდა განეახლებინა.

 


როგორც მაშინ კომპლექსის ხელმძღვანელი, დავით ჩხეტიანი აცხადებდა, ექსპლუატაციაში გაშვების დღიდან „ლაგუნა ვერეს" სარემონტო სამუშაოები ერთხელაც არ ჩატარებია, რის გამოც კომპლექსი სავალალო მდგომარეობაშია: მწყობრიდანაა გამოსული კომუნიკაციები და ფილტრები.

 


„მილები ძალიან ამორტიზებულია, ძველი ტექნიკა თანამედროვე, გაცილებით გამძლე პლასტმასის წყალგაყვანილობით უნდა შეიცვალოს. უნდა გამოვძებნოთ წყლისა და ელექტროენერგიის მოპოვების ალტერნატიული საშუალებები, ასევე გვინდა მზის ენერგიის გამოსაყენებლად დანადგარების შეძენა. ჩვენ გავაკეთეთ "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე 15 წლის წინ გათხრილი ჭაბურღილის რევიზიაც. მოპოვებული წყალი ვარგისიანობის დასადგენად ლაბორატორიაში წავიღეთ. რაც უფრო ბინძურია, მისი გაწმენდა მეტ ხარჯთანაა დაკავშირებული. ჭაბურღილიდან ალტერნატიული წყლის მოპოვება ბევრად შეგვიმცირებს გადასახადებს", - აცხადებდა 2014 წელს კომპლექსის დირექტორი.


 

დღეს „კომერსანტი" შეეცადა გაერკვია, იგეგმება თუ არა „ლაგუნა ვერეს" რეაბილიტაცია,რა ვადებში და არსებობს თუ არა ობიექტის მმართველ ფონდ „ქართუში" კომპლექსის რეაბილიტაციის რაიმე გეგმა?

 

 

როგორც ფონდ „ქართუში" აცხადებენ, ობიექტზე ჯერჯერობით არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, თუ რა პროექტი განხორციელდება „ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე და შეუნარჩუნდება თუ არა მას პროფილი, ამის შესახებ საზოგადობას თავად აცნობებენ.

 


შეგახსენეთ, დაახლოებით იგივე შინაარსის კომენტარი ობიექტის მმართველ ფონდ „ქართუში" გასული წლის ივლისშიც გააკეთეს. თუმცა,მას შემდეგ დღემდე არაფერი შეცვლილა.
„ლაგუნა ვერეს" დახურვის შედეგად უმუშევრადაა დარჩენილი ობიექტის 300-მდე თანამშრომელი. მათი ნაწილი 2016 წლის დასაწყისში აცხადებდა, რომ კომპლექსის დახურვის შემდეგ მათთან კონტაქტზე არავინ გასულა.

 


ავტორი: სოფო ქსოვრელი