ცნობილი გახდა თანხა, რომლის საფასურადაც „კარლსრუემ“ ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგის „ჰაიდენჰაიმში“ გაუშვა, – ინფორმაციას Transfermarkt-ი ავრცელებს.

სამენეჯერო ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის 3 იანვარს ბუნდესლიგის კლუბს ქართველი ფეხბურთელი „კარლსრუედან“ 1,8 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

ქართველი ახალწვეული უკვე ესპანეთის ქალაქ ალგორფაში იმყოფება, სადაც „ჰაიდენჰაიმს“ შეკრებაზე შეუერთდა. ზივზივაძე კიდევ ერთ ახალწვეულთან, მარცხენა მცველ ფრანს კრაციგთან (რომელიც მიუნხენის „ბაიერნიდან“ იჯარით დაიმატეს) ერთად გუნდს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰოლგერ სანვალდმა წარუდგინა.

ზივზივაძემ გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა და ესპანეთში საწვრთნელ შეკრებაზე 8 იანვრამდე მოემზადება. „ჰაიდენჰაიმი“ ამის შემდეგ გერმანიაში დაბრუნდება და ბუნდესლიგაში 11 იანვარს ბერლინის „უნიონის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

საინტერესოა, რომ „ჰაიდენჰაიმი“ კონფერენს ლიგის პლეი ოფში ითამაშებს, სადაც გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენს“ შეხვდება. მატჩები 14 თებერვალს (გასვლაზე) და 21 თებერვალს (საკუთარ არენაზე) გაიმართება.

1tv.ge