უკრაინის პრეზიდენტი, ქვეყნის უმაღლეს რადას სთავაზობს, რომ მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღნიშნონ, ხოლო 9 მაისს იზეიმონ არა გამარჯვების, არამედ ევროპის დღე. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სპეციალურ მიმართვაში ისაუბრა.

„8 მაისს უკრაინა და თავისუფალი მსოფლიო იხსენებს კაცობრიობის ისტორიის 6 საშინელ წელს. 1939-დან 1945 წლამდე, რომელმაც წაიღო მილიონობით ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 8 მილიონი უკრაინელის. ოკუპაციისა და დაუნდობლობის, სისხლისმღვრელი ბრძოლების, დაბომბვების, ბლოკადებისა და მასობრივი სიკვდილით დასჯების, ჰოლოკოსტის წლები. ყველა ბოროტება, რაც ნაციზმმა მსოფლიოს მოუტანა, მოიტანა ჩვენს მიწაზეც. სხვადასხვა ერებმა ერთობლივად, ანტიჰიტლერული კოალიციის კავშირის ფარგლებში წინააღმდეგობა გაუწიეს ბოროტებას. ევროპისა და ამერიკის ხალხი, აზია, ავსტრალია, აფრიკა - იმ ომში ყველას საკუთარი ბრძოლის ისტორია აქვს, მაგრამ აერთიანებთ გამარჯვების ისტორია,“- განაცხადა ზელენსკიმ და ხაზი გაუსვა, რომ გამარჯვებას მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა სწორედ 8 მაისს აღნიშნავს და სწორედ 1945 წლის 8 მაისს შევიდა ძალაში ვერმახტის უპირობო კაპიტულაცია.

„ეს სუფთა ისტორიაა, იდეოლოგიური მინარევების გარეშე და ეს ჩვენი ხალხის ისტორიაა, ჩვენი მოკავშირეების, მთელი თავისუფალი მსოფლიოსი. დღეს მას ჩვენს სახელმწიფოს ვუბრუნებთ. დღეს უკრაინის უმაღლეს რადაში წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელშიც შეთავაზებულია 8 მაისის 1939-45 წლებში მეორე მსოფლიო ომში ხსოვნისა და ნაციზმზე გამარჯვების დღედ დადგენა,“ – თქვა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინა არ დაუშვებს, რომ საერთო გამარჯვება ვინმემ მიითვისოს.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა ტოტალურ ბოროტებას დღესაც ებრძვის.

„დღეს ხელი მოვაწერე შესაბამის განკარგულებას, რომ ხვალიდან, ყოველ წელს, 9 მაისს აღვნიშნოთ ჩვენი ისტორიული ერთობა - ყველა ევროპელის ერთობა, რომლებმაც ნაციზმი გაანადგურეს და რაშიზმსაც დაამარცხებენ,“- აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.