მანჰაიმის (გერმანია) უნივერსიტეტისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მკვლევარების შეფასებით, მიმდინარე წლის ზაფხულში სიცხის, გვალვისა და წყალდიდობის შედეგად ევროპის ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი დაახლოებით 43 მილიარდ ევროს შეადგენს.
ანალიზის დროს გაითვალისწინეს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი შედეგები – დაზიანებული გზები და შენობები, ასევე მოსავლისთვის მიყენებული ზიანი და დანაკარგები, რომლებიც დახურული ქარხნების აღდგენას უკავშირდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, კვლევის ჯგუფი ვარაუდობს, მაკროეკონომიკური ზარალი 2029 წლისთვის, შესაძლოა, 126 მილიარდ ევრომდე გაიზარდოს.
კვლევის ხელმძღვანელის, სეჰრიშ უსმანის თქმით, ექსტრემალური ამინდით გამოწვეული რეალური ზიანის ფასი ბევრად მეტია, რადგან გვალვით გამოწვეულმა საქონლის დეფიციტმა, შესაძლოა, დროთა განმავლობაში, ინფლაცია გამოიწვიოს.
ექსტრემალური ამინდით ყველაზე მეტად დაზარალდნენ ესპანეთი, საფრანგეთი და იტალია, სადაც ზარალმა 10 მილიარდ ევროს გადააჭარბა, ხოლო ცენტრალური და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებმა შედარებით მცირე ზიანი განიცადეს.
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ მათი მონაცემები არასრულია, რადგან არ გაუთვალისწინებიათ კლიმატთან დაკავშირებული ტყის ხანძრები. ასევე აცხადებენ, რომ სადაზღვევო მონაცემებში ხშირად გამოტოვებულია არაპირდაპირი ხარჯები, მაგალითად, სიცხის გამო პროდუქტიულობის დანაკარგები.
წყარო: 1 არხი