თუ დონალდ ტრამპი აშშ-დან ყველა არალეგალი მიგრანტის დეპორტაციას შეძლებს, ქვეყნის ეკონომიკამ შესაძლოა, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) 8% დაკარგოს.
ამის შესახებ Bloomberg Economics-ის მიერ მომზადებულ ანალიზში წერია.
ტრამპმა ქვეყანაში ნებართვის გარეშე მცხოვრები ყველა ემიგრანტის, ანუ, დაახლოებით, 11 მლნ ადამიანის დეპორტაციის პირობა დადო, ხოლო 24 იანვრიდან აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებით დეპორტირებული ადამიანების გვატემალასა და ელ-სალვადორში დაბრუნება უკვე დაიწყო.
უოლ-სტრიტის სტრატეგების, ეკონომისტებისა და პროფესიონალების აზრით, თუ ტრამპი თავისი წინადადებების რეალიზებას სრულად შეძლებს, ეს ეკონომიკაში შოკურ ტალღებს გამოიწვევს. კერძოდ, საუბარია ინფლაციის ზრდაზე, ხოლო სოფლის მეურნეობასა და მშენებლობაში მუშახელის დეფიციტი გაჩნდება.
Siebert-ის მთავარი საინვესტიციო დირექტორის, მარკ მალექის შეფასებით, “თუ საუბარია 10 მლნ ადამიანის უმოკლეს ვადაში დეპორტაციაზე, ამას შესაძლოა, ეკონომიკაზე კოვიდპანდემიის დროინდელი მასშტაბის არა, მაგრამ მასთან მიახლოებული გავლენა ჰქონდეს.”
ასეთი რისკების ფონზე S&P 500-ინდექსმა ყველა დროის ახალ მაქსიმუმს მიაღწია, რადგან ტრეიდერებს არ სჯერათ, რომ ტრამპი 10-11 მლნ არალეგალი მიგრანტის დეპორტაციას წარმატებით განახორციელებს.
ცნობისთვის: 22 იანვარს პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც არალეგალი მიგრანტებისთვის აშშ-ის სამხრეთ საზღვრები ჩაიკეტა. პენტაგონი მექსიკის საზღვარზე, დაახლოებით, 10 000 ჯარისკაცს გაგზავნის, ხოლო პირველი ტალღა, მინიმუმ, სახმელეთო ჯარის 1,500 სამხედროს გაგზავნას მოიცავს, რომელიც იქ უკვე განლაგებულ 2,500 ჯარისკაცს დაემატება. ამასთან, საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურის (USCBP) დოკუმენტი საპატიმროებში არალეგალი მიგრანტების ტევადობის ორჯერ გაზრდას ითვალისწინებს. კერძოდ, გაიხსნება 10,000-ადგილიანი ოთხი ახალი და 700-დან 1,000 ადამიანის განსათავსებელი კიდევ 14 ობიექტი. ამასთან, თავდაცვის სამინისტრო დაკავების ადგილებად სამხედრო ბაზებსაც გამოიყენებს.
20 იანვრის ინაუგურაციისას დაუყოვნებლივ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, ტრამპმა сatch and release-ის (დაჭერა-გათავისუფლების) პრაქტიკა დაასრულა, რომელიც სამართალდამცავი ორგანოებისგან დაკავებული არალეგალი მიგრანტების გათავისუფლებას საიმიგრაციო სასამართლოში მათი საქმეების განხილვამდე გულისხმობდა. ამის სანაცვლოდ ტრამპმა „მექსიკაში დარჩენის“ პრაქტიკა აღადგინა, რომლის მიხედვითაც, მესამე ქვეყნიდან აშშ-ში თავშესაფრის მაძიებლები თავიანთ საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებებს მექსიკაში დაელოდებიან. ასევე, 47-ე პრეზიდენტმა ლტოლვილთა განსახლების პროგრამები შეაჩერა და მიგრანტთა ახალშობილებისთვის აშშ-ის ტერიტორიაზე დაბადების საფუძველზე მოქალაქეობის მინიჭების უფლება გააუქმა.