ყაზახეთი და ჩინეთი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR), იგივე შუა დერეფნის, განვითარების მიზნით ერთობლივი პირდაპირი ინვესტიციების ფონდის შექმნას განიხილავენ. ფონდის წინასწარი სამიზნე მოცულობა 200 მილიონ დოლარამდეა, მომავალში კი მისი გაზრდა იგეგმება.
საკითხი ყაზახეთის ვიცე-პრემიერისა და ეროვნული ეკონომიკის მინისტრის, სერიკ ჟუმანგარინისა და ჩინეთის ფინანსთა მინისტრის, ლან ფოანის შეხვედრაზე განიხილეს. შეხვედრა ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური თანამშრომლობის მეორე ტიან-შანის ფორუმის ფარგლებში, ალმათიში გაიმართა. ყაზახეთის მთავრობის ინფორმაციით, ფონდის შექმნის ინიციატივა ქვეყანამ ივლისში, შანხაიში, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრისას წამოაყენა.
ფონდის ამოქმედებაში მონაწილეობა შესაძლოა მიიღონ ყაზახეთის სახელმწიფო ჰოლდინგმა „ბაიტერეკმა“ და ჩინეთის Silk Road Fund-მა. ჟუმანგარინის განცხადებით, პროცესის დასაჩქარებლად საჭიროა ორივე ქვეყნის პასუხისმგებელი ფინანსური ინსტიტუტების განსაზღვრა და ფონდის საქმიანობის საერთო პრინციპებზე შეთანხმება.
მხარეები ასევე განიხილავენ ერთიანი ყაზახურ-ჩინური პროექტების დაფინანსებისა და დაზღვევის მექანიზმის შექმნას, ახალი ორგანიზაციის დაფუძნების გარეშე. შეთავაზებული მოდელი პრიორიტეტული პროექტებისთვის გრძელვადიანი სესხების, დაზღვევის, გარანტიების, იუანში დაფინანსებისა და საჭიროების შემთხვევაში კაპიტალში მონაწილეობის გაერთიანებას ითვალისწინებს. მექანიზმის შესამოწმებლად რამდენიმე საპილოტე პროექტის შერჩევაც იგეგმება.