სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადი 2027 ან 2028 წელს შეიტანოს.
„როცა დემოკრატიული ქვეყანა ხარ, დემოკრატიულ კლუბში ყოფნა გინდა. გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის შესაძლებლობას განვიხილავთ ევროპელ პარტნიორებთან და ქვეყნის შიგნითაც. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გადავდგათ არა მხოლოდ ტექნიკური ნაბიჯი და დავაჭიროთ განაცხადის გაგზავნის ღილაკს, არამედ ისიც, რომ მთელ ამ პროცესს თან ახლდეს პოლიტიკური დიალოგი. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს დრო დადგება და არც ისე შორს არის“, — განაცხადა ფაშინიანმა ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ გაფართოების სამიტზე.
კითხვაზე, კონკრეტულად რომელ წელს შეიძლება სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანოს, ფაშინიანმა უპასუხა:
„[2026 წელს] არ ვიცი, რამდენად რეალისტურია, მაგრამ მომდევნო წელი შეიძლება იყოს რეალისტური, 2028 წელიც შეიძლება იყოს რეალისტური. თუმცა, ახლა ჩვენ ფოკუსირებული ვართ ვიზალიბერალიზაციის დიალოგზე და ჩვენი მიზანია, 2029 წელს უვიზო მიმოსვლა გვქონდეს. ეს იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენს ურთიერთობებში. ახლა ჩვენ დავიწყეთ პროცესი, რომელიც მიგვიყვანს საბოლოო გადაწყვეტილებამდე — შევიტანოთ განაცხადი სრულფასოვან წევრობაზე.
სიმართლე რომ გითხრათ, როდესაც მივიღეთ გადაწყვეტილება, სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაგვეწყო, ჩვენ შთაგონებული ვიყავით ევროკავშირის გადაწყვეტილებითა და საქართველოს მტკიცე ნებით, გახდეს ევროპის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. ჩვენთვის, სომხეთისთვის, საქართველოს წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია — მათ შორის, ჩვენი მოქალაქეების მიერ ჩვენი ევროპული პოლიტიკისა და ევროპული პერსპექტივების აღქმის თვალსაზრისითაც“, — განაცხადა ფაშინიანმა.