უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა და პრემიერ-მინისტრს, ენდი ბერნემს, შეხვდება, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრა საზღვაო ბაზაზე გაიმართება, სადაც უკრაინული ძალები წვრთნებს გადიან. ბაზაზე ვიზიტის დროს ლიდერები უკრაინელ და ბრიტანელ სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრებიან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს Sea Breeze-ის წვრთნებში - 15 ქვეყნის მონაწილეობით ჩატარებულ სწავლებაში, რომელიც შავ ზღვაში ნაღმსაწინააღმდეგო წვრთნებსა და სხვა საზღვაო ოპერაციებს მოიცავდა. წლევანდელი წვრთნების მეორე ეტაპი, რომელიც დორსეტის საგრაფოს ქალაქ პორტლენდში გაიმართა, პარასკევს დასრულდა. მასში 200-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.

ბერნემი და ზელენსკი ასევე გეგმავენ ერთობლივი პროექტების განხილვას, მათ შორის Stone Cloak-ის - ელექტრონული ჩახშობის სისტემის, რომლის ინტელექტუალური საკუთრება გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას გაუზიარა, რაც ქვეყანას ამ ტექნოლოგიის დაუყოვნებლივ გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.

ამ სისტემის ათასობით ჩამხშობი მოწყობილობა უკრაინაში გაიგზავნა დრონებზე დასამონტაჟებლად. მათი დანიშნულებაა, ხელი შეუშალონ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებს დრონების აღმოჩენაში, თვალთვალსა და მიზანში ამოღებაში.

„ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგას და ჩვენი მხარდაჭერა ურყევია. რუსეთს არ უნდა ეპარებოდეს ეჭვი ჩვენს მტკიცე განზრახვაში - უკან არ დავიხევთ, ვიდრე უკრაინისთვის ხანგრძლივ და სამართლიან მშვიდობას არ მივაღწევთ. Stone Cloak ბრიტანული ინოვაციის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია, რომელმაც უკვე დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა ფრონტის ხაზზე. ეს სისტემა გადამწყვეტ როლს შეასრულებს როგორც უკრაინის, ისე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში“, - აღნიშნულია ენდი ბერნემის განცხადებაში.

ipn.ge