ამერიკელები იმსახურებენ გამჭვირვალობას გაუმჭვირვალე საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ განაცხადა ვივეკ რამასვამიმ, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში ილონ მასკთან ერთად აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის ახალ დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.
რამასვამი ვიქტორია ნულანდის „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) დირექტორთა საბჭოში დანიშვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება დეტალურად უნდა იყოს შემოწმებული.
რამასვამი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა შეტყობინებას, სადაც აღნიშნულია – „ძნელია, არ დაინტერესდე, რა წვლილი შეიტანა ნულანდმა ბოლო დროს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში საქართველოსა და სირიაში“.
„ეს ოქსიმორონია, რომელიც წარმოადგენს გადასახადის გადამხდელთა ფულის ფლანგვას, მაგრამ რეალური პრობლემა უფრო ღრმაა: ამერიკელები იმსახურებენ გამჭვირვალობას გაუმჭვირვალე საგარეო დახმარებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს უწყობენ სასაზღვრო კრიზისს“,- აღნიშნა ვივეკ რამასვამიმ.
ვივეკ რამასვამის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ილონ მასკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აბსოლუტურად ეთანხმება მის აზრს.