აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან რაც შეიძლება მალე შეხვედრას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტრამპს არ დაუსახელებია ზუსტი თარიღი, თუ როდის აპირებს პუტინთან შეხვედრას.
„მე ვიცი, რომ მას სურს შეხვედრა და მე მას ძალიან მალე შევხვდები. უფრო ადრეც შევხვდებოდი, მაგრამ რაღაცების გასაკეთებლად საჭიროა ოფისში ყოფნა“, – აღნიშნა ტრამპმა.
ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, თუ რა არის რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების სტრატეგია? საპასუხოდ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთი სტრატეგია არსებობს და ეს პუტინზეა დამოკიდებული.
„არსებობს მხოლოდ ერთი სტრატეგია და ის პუტინზეა დამოკიდებული. ვერ წარმომიდგენია, ის ძალიან აღფრთოვანებული იყოს იმით, თუ როგორ მიდის საქმე, რადგან მისთვისაც არ მიდის სავსებით კარგად“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.