ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევა ჯერ არ მიუღია, – სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პაულო პინომ განაცხადა.
„ვნახოთ, თუ მიიღებს მიწვევას, თუმცა ამ ეტაპზე ინაუგურაციაზე დასწრების გეგმები არ არის“, – განაცხადა პაულო პინომ პრესბრიფინგზე.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ისტორიულად, უცხოელი ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტების ინაუგურაციას არ ესწრებიან და ცერემონიალზე დიპლომატებს აგზავნიან, თუმცა დონალდ ტრამპმა რამდენიმე ლიდერი მიიწვია. მიწვეულებს შორის არიან ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. გავრცელებული ცნობებით, სი ძინპინი ინაუგურაციას არ დაესწრება, თუმცა ვაშინგტონში თავის წარმომადგენელს გაგზავნის.
ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს დონალდ ტრამპთან ინაუგურაციამდე შეხვედრა მოაწყოს, - წერს Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა და ტრამპის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები გამართეს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, შესაძლებელი იქნება თუ არა 20 იანვრამდე ფლორიდაში ვიზიტის ორგანიზება.
ამავდროულად, შეხვედრის ორგანიზების მცდელობებს ისიც ართულებს, რომ ფონ დერ ლაიენი არდადეგების შემდეგ ჯერ არ დაბრუნებულა ბრიუსელში, რადგან მძიმე პნევმონიისგან გამოჯანმრთელებას ცდილობს.
როგორც Bloomberg აღნიშნავს, ევროკავშირის ოფიციალურ პირებს ჯერჯერობით უჭირთ ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში მაღალჩინოსნებთან კომუნიკაცია.
ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ გაავრცელეს იდენტური გზავნილები, სადაც აღნიშნეს, რომ ტრანსატლანტიკური კავშირების გაძლიერებისთვის არიან მზად.
„ფონ დერ ლაიენს განსაკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და რამდენჯერმე ეწვია თეთრ სახლს უკრაინისა და ჩინეთის პოლიტიკის კოორდინაციის მიზნით. ახლა ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ტრამპმა, შესაძლოა, შეაჩეროს ამერიკული დახმარება უკრაინაში და გახსნას კონტაქტები რუსეთთან“, - წერს Bloomberg.