უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, უნგრეთმა მშვიდობისთვის ტერიტორიის 2/3 დათმო, უკრაინას შეუძლია, მეხუთედი დათმოს. უნგრული მედიის ცნობით, ამის შესახებ განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევენტე მადიარმა პარიზის პოლიტიკურ კვლევების ინსტიტუტში, სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
უნგრელმა დიპლომატმა გაიხსენა პირველი მსოფლიო ომი და ტრიანონის ხელშეკრულება, რომელიც 1920 წელს გაფორმდა ომში დამარცხებულ სახელმწიფოთა ბლოკის მონაწილე უნგრეთსა და ომში გამარჯვებულ მოკავშირე ქვეყნებს შორის.
მადიარის თქმით, უნგრეთი მაშინ დამარცხებულების მხარეს აღმოჩნდა და ჰქონდა ორი ვარიანტი: ან იარაღი უნდა აეღო ხელში და ჩაედინა კოლექტიური თვითმკვლელობა, ან უნდა დათანხმებულიყო მშვიდობის პირობებს, თუნდაც ეს მას ტერიტორიის 2/3-ის დაკარგვა გამოეწვია.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოსაზრებით, უნგრეთის მთავრობამ მაშინ ერთადერთი გონივრული, მაგრამ ტრაგიკული გადაწყვეტილება მიიღო – შეენარჩუნებინა ქვეყნის თუნდაც მესამედი.
„,მტკივნეული იყო თუ არა ეს? რა თქმა უნდა, მტკივნეული იყო. ახალ უკრაინას უნდა დაეთმო თავისი ტერიტორიის მეხუთედი. მე არ მინდა მივუთითო, კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს უკრაინამ, მაგრამ მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ჩვენი გამოცდილება აჩვენებს – მშვიდობა ზოგჯერ მტკივნეულია. კითხვა ასეთია, რა უფრო მნიშვნელოვანია – ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება თუ რამდენიმე ათას კვადრატულ კილომეტრზე მიბმა“, – განაცხადა მადიარმა.
მისივე თქმით, უკრაინაში ომის გაგრძელება ყოველდღიურად აჩენს ესკალაციისა და მისი გაფართოების საფრთხეს.
„საჭიროა მშვიდობა ნებისმიერ ფასად“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე თქვა, რომ უკრაინაში ომი 2014 წელს დაიწყო, როდესაც „უკრაინელებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ ტრადიციულ აღმოსავლეთთან დაახლოებაზე“. მადიარმა 2014 წლის უკრაინის „ღირსების რევოლუციას“ „ნაციონალისტური, დასავლეთზე ორიენტირებული გადატრიალება“ უწოდა.
სტუდენტებთან საუბრისას მან ასევე დაასახელა ოთხი შემთხვევა, როდესაც უნგრეთმა რუსული ოკუპაცია გამოცადა: 1948 წელს უნგრეთის დამოუკიდებლობის ომი, პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი და 1956 წლის რევოლუცია.
„უნგრეთის გამოცდილებაა, რომ მსოფლიომ მიგვატოვა, დასავლეთმა მარტო დაგვტოვა“ – განაცხადა მადიარმა.
უნგრელმა დიპლომატმა ასევე ილაპარაკა ევროკავშირთან ურთიერთობებზე და თქვა, რომ ბუდაპეშტმა ევროკავშირში გაწევრიანება გადაწყვიტა, რადგანაც ეს იყო ისტორიული შესაძლებლობა გამხდარიყო მსოფლიოში მოწინავე ეკონომიკების გაერთიანების წევრი, მაგრამ მისივე თქმით, ახლა ასე აღარ არის.
„ევროკავშირი კარგავს კონკურენტუნარიანობას ყოველდღე და ის სულ უფრო მეტად ემსგავსება დიქტატურას“, – თქვა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ცნობისთვის, ტრიანონის საზავო ხელშეკრულებით უნგრეთი უარს ამბობდა ნავსადგურ რიეკაზე (ფიუმე), აგრეთვე უარყოფდა ყველა უფლებას და პრეტენზიას ავსტრია-უნგრეთის მონარქიის ან მის მოკავშირეთა ყოფილ ტერიტორიებზე. ვენის არბიტრაჟების შედეგად ტრიანონის საზავო ხელშეკრულებამ მნიშვნელობა დაკარგა.