თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ახალ პროექტებში ბინების გაყიდვები ზრდას ინარჩუნებს. Colliers-ის პლატფორმა RECOV.GE-ის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში თბილისში ახალ პროექტებში ბინების ტრანზაქციების რაოდენობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9,8%-ით გაიზარდა. მათ შორის, პირველად ბაზარზე ზრდამ 6,3%, ახალაშენებული ბინების მეორად ბაზარზე კი 14,6% შეადგინა.
ამ ფონზე, ნუმარკმა თბილისში, გიორგი დანელიას ქუჩის 63 ნომერში, საცხოვრებელი კომპლექსის, Spark City-ის მშენებლობა დაიწყო. პროექტი ცხრა ხუთსართულიანი შენობისგან შედგება. კომპანიის ინფორმაციით, შენობებს 24 000 მ² დაეთმობა, ხოლო გამწვანებულ, რეკრეაციულ და საერთო სარგებლობის სივრცეებს 57 000 მ². პირველი ეტაპის დასრულება 2028 წელს იგეგმება, მთლიანად პროექტის დასრულება კი 2029 წლის ბოლოსაა განსაზღვრული.
Spark City-ის კონცეფცია საცხოვრებელი შენობების საერთო პარკის გარშემო განლაგებას ეფუძნება. კომპლექსში გაერთიანდება დასასვენებელი და სპორტული ინფრასტრუქტურა, კომერციული ობიექტები და მომსახურების სივრცეები. ამგვარი დაგეგმარებით, მცხოვრებლებს საკუთარ საცხოვრებელთან ახლოს ექნებათ როგორც ყოველდღიური საჭიროებებისთვის განკუთვნილი ობიექტები, ისე სეირნობის, ვარჯიშისა და დასვენების ადგილები.
პროექტის გენერალურ გეგმაზე შვეიცარიულმა არქიტექტურულმა სტუდიამ Christ & Gantenbein-მა ANDS-თან თანამშრომლობით იმუშავა. დეტალური არქიტექტურა NS STUDIO-ს ეკუთვნის. დაგეგმარებისას ყურადღება დაეთმო შენობების სიმაღლეს, მათ შორის საერთო სივრცეების განაწილებასა და ბინების ბუნებრივ განათებას.
ტექნიკური გადაწყვეტებიდან პროექტი ურიგელო კონსტრუქციულ სისტემას ითვალისწინებს, რაც ბინების შიდა გეგმარების მოქნილობას უწყობს ხელს. თითოეულ სართულზე საინჟინრო კომუნიკაციებისთვის ცალკე ტექნიკური ოთახებია გათვალისწინებული. ბინებს ექნება ტერასის ტიპის აივნები, პირველ სართულებზე განთავსდება საკუთარი ეზოს მქონე საცხოვრებლები, ბოლო სართულებზე კი პენთჰაუსები, სადაც ჭერის სიმაღლე 4 მეტრამდე იქნება. ბინის მდებარეობის მიხედვით, ხედები მიმდებარე ლანდშაფტის ან კომპლექსის შიდა გამწვანებული სივრცეებისკენ გაიშლება.
ცენტრალურ პარკს შიდა და გარე ეზოები, სასეირნო ბილიკები, საბავშვო მოედნები და დასასვენებელი ზონები შეავსებს. გამწვანების გეგმა არსებული მრავალწლოვანი ხე-მცენარეების შენარჩუნებასა და ახალი ნარგავების დამატებას ითვალისწინებს. საერთო ტერიტორიაზე მოეწყობა ხელოვნური სარკისებური ტბაც.
პარკში ავტომობილები არ იმოძრავებს, მანქანებისთვის კი დახურული ავტოსადგომია გათვალისწინებული. სპორტული ინფრასტრუქტურა მოიცავს პადელის კორტებს, კალათბურთის სივრცესა და სხვა აქტიურ ზონებს. ასევე დაგეგმილია 20-მეტრიანი საცურაო აუზი ღია ტერასით. კომპლექსს ექნება დაცული პერიმეტრი.
საინვესტიციო თვალსაზრისით, პროექტის გამორჩეული მახასიათებლებია ხუთსართულიანი განაშენიანება, საკუთარი ეზოს მქონე ბინები და საერთო ინფრასტრუქტურის მასშტაბი. მშენებლობის დასრულება და დაგეგმილი სივრცეების ამოქმედება შესაძლოა ქონების სამომავლო ღირებულებასა და გაქირავების პოტენციალზე დადებითად აისახოს. ფასის შესაძლო ზრდა დამოკიდებული იქნება როგორც პროექტის განხორციელებაზე, ისე იმ დროისთვის ბაზარზე არსებულ მოთხოვნასა და შეთავაზებაზე.
კომპანიის ინფორმაციით, Spark City-ში მოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება. პირველადი შენატანი ბინის ღირებულების 20%-ია, მშენებლობის პერიოდში გადასახდელია დამატებით 10%, დარჩენილი 70% კი 2029 წლის ბოლოს, მშენებლობის დასრულებისას. ამ პირობებით, მყიდველი საწყის და სამშენებლო ეტაპებზე ღირებულების ჯამურად 30%-ს იხდის, თანხის ძირითადი ნაწილის გადახდა კი პროექტის დასრულების დროისთვისაა გათვალისწინებული.