ღვინის სავალდებულო, ფასიანი ნიშანდების ამოქმედების ვადა (2027 წლის 1 თებერვალი) გადაიწევს.

როგორც პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა კომიტეტის 25 ნოემბრის სხდომაზე განაცხადა, „ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ შესაბამის ცვლილებას პარლამენტის წევრები დააინიცირებენ.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სავალდებულო ნიშანდების ამოქმედების თარიღის შეცვლის მიზეზად მეწარმეებისთვის მოსამზადებლად საჭირო დამატებითი დროის მიცემა დაასახელა.

„ეს იქნება ჩვენი ინიციატივა. გამოიკვეთა, რომ ნიშანდების ამუშავების თარიღი, 1 თებერვალი არ არის საკმარისი ჩვენი მეწარმეებისთვის. მნიშვნელოვანია, ნებისმიერი კანონის მიღების დროს მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ ჩვენს ბიზნესმენებს, მეწარმეებს, მეღვინეებსა და მევენახეებს, რათა მათ შემდგომში რაიმე პრობლემა არ შეექმნათ. ჩვენი მეწარმეები უხერხულ სიტუაციაში რომ არ ჩავაყენოთ და მივცეთ საკმარისი დრო, რათა ნიშანდების დატანასთან დაკავშირებით სრულყოფილად აღიჭურვონ და მოემზადონ, თარიღს გადავწევთ და 2027 წლის 1 თებერვლის ნაცვლად, კანონი ძალაში 2027 წლის 1 ივლისს შევა. ვფიქრობ, ეს ძალიან გონივრული ვადაა.

1 თებერვალს ღვინის ეროვნულ სააგენტოს დასრულებული ექნება პროცედურები ნიშანდების ფორმასთან, ზომასთან, ხარისხთან და მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც წარმოებებს მოსამზადებლად დაახლოებით 6 თვე ექნებათ“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

ცნობისთვის, "ალკოჰოლიანი სასმელის ეტიკეტზე, ჭურჭელზე ან შეფუთვაზე სააგენტოს მიერ გაცემული ნიშნის (QR კოდი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სერტიფიცირებისა და ალკოჰოლიანი სასმელის შესახებ) დატანა“ - ასეა განმარტებული ტერმინი „ნიშანდება“ „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც 2027 წლის 1 თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს.