ამერიკულმა ტელემედიცინის კომპანიამ Journi Health-მა წონის დასაკლები საშუალება შოკოლადის ფორმით გამოუშვა. პროდუქტს Melt ეწოდება და ის შეიცავს ორფორგლიპრონს (orforglipron) – აქტიურ ნივთიერებას, რომელიც ფარმაცევტული კომპანია Eli Lilly-ის მიერ წარმოებულ, წონის კლებისთვის განკუთვნილ პრეპარატ Foundayo-შიც გამოიყენება. ამის შესახებ WIRED წერს.

პროდუქტი დღეში ერთხელ მისაღები შოკოლადის პატარა ულუფების სახით არის წარმოდგენილი. კომპანიაში აცხადებენ, რომ ის განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ინექციების გაკეთება ან აბების გადაყლაპვა უჭირთ. Journi Health-ის დამფუძნებლის, ლუნა იუს განმარტებით, Melt შესაძლოა საინტერესო იყოს როგორც მათთვის, ვინც GLP-1-ის ჯგუფის პრეპარატების მიღებას პირველად იწყებს, ისე იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც უკვე მიღწეული წონის შენარჩუნება სურთ.

Melt-ის შეძენა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით არის შესაძლებელი. მომხმარებელი გადის დისტანციურ სამედიცინო შეფასებას, რის შემდეგაც ლიცენზირებული ექიმი მის ჯანმრთელობის ისტორიას განიხილავს, განსაზღვრავს პრეპარატის გამოყენების მიზანშეწონილობას და დოზას. პროდუქტის ყოველთვიური გამოწერა, რომელიც 24 ინდივიდუალურად შეფუთულ შოკოლადს მოიცავს, 189 დოლარი ღირს.

მიუხედავად იმისა, რომ Foundayo აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ დამტკიცებული პრეპარატია, ეს ნებართვა Melt-ზე არ ვრცელდება. Journi Health-ის პროდუქტი ე.წ. კომპაუნდირებულ მედიკამენტად კლასიფიცირდება – ეს არის აფთიაქში კონკრეტული პაციენტისთვის ინდივიდუალური რეცეპტის საფუძველზე დამზადებული საშუალება, რომლის საბოლოო ფორმულა FDA-ს მიერ ცალკე დამტკიცებული არ არის.