ამერიკული ყავის ქსელი Starbucks იაპონური ბიზნესის შესაძლო გაყიდვისთვის ემზადება. Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანიამ გარიგების მოსამზადებლად ფინანსური მრჩევლები დაიქირავა, მათ შორის საინვესტიციო ბანკები Citigroup და Morgan Stanley. პოტენციური გარიგების ღირებულება შესაძლოა რამდენიმე მილიარდ დოლარს შეადგენდეს.
გამოცემის წყაროების ცნობით, Starbucks-მა უკვე დაიწყო პოტენციური მყიდველების ინტერესის შესწავლა და სტრატეგიულ და ფინანსურ ინვესტორებთან წინასწარი კონსულტაციები. გაყიდვის ოფიციალური პროცესი შესაძლოა მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყოს.
იაპონია Starbucks-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია. ქვეყანაში კომპანიას დაახლოებით 2 000 ყავის ობიექტი აქვს. იაპონიის ბაზარზე Starbucks 30 წელზე მეტია ოპერირებს, თუმცა კომპანია ამ ქვეყნის საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს ცალკე არ ასაჯაროებს.
Starbucks-ის წარმომადგენლის განცხადებით, კომპანია მუდმივად აფასებს ბიზნესის მართვისა და სტრუქტურის ოპტიმიზაციის შესაძლებლობებს, მომხმარებლებისთვის საუკეთესო მომსახურებისა და აქციონერებისთვის ღირებულების შექმნის მიზნით.