ჩინეთის ცენტრალური ბანკის საკრედიტო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ბიზნესმენ ელის ჰუანგის ოჯახთან და ბიზნესპარტნიორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის დასაფინანსებლად 270 მილიონი დოლარის ღირებულების 764-მდე სერვერი და გამოთვლითი მოდული გამოიყენეს. დოკუმენტებში ასევე ფიგურირებს 31 მილიონი დოლარის ღირებულების ქსელური აღჭურვილობა, რომელიც დიდი მოცულობის გამოთვლითი სისტემების დასაკავშირებლად გამოიყენება. ამის შესახებ Reuters წერს.
გამოცემის მიერ შესწავლილი ჩანაწერების თანახმად, ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი შანხაიში, მდინარე იანძის დელტის ხელოვნური ინტელექტის სუპერკომპიუტერულ ცენტრში იყო მითითებული. ერთ-ერთი მსხვილი გარიგება Century Litong-ს უკავშირდება, რომელმაც 2024 წლის მაისიდან დეკემბრამდე პერიოდში ხუთი სალიზინგო შეთანხმება გააფორმა, რაც ჯამში 512-მდე სერვერს და დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობას მოიცავდა. ცალკე გარიგების ფარგლებში 128 სერვერის დაფინანსება ჩინეთის სახელმწიფო ავიაკომპანია-კონგლომერატ AVIC-ის სტრუქტურამ უზრუნველყო.
კომპანიების კავშირები ელის ჰუანგის ოჯახის წევრებთან და ბიზნესპარტნიორებთან კორპორაციული დოკუმენტებით დასტურდება. კერძოდ, Century Litong-ისა და Century Longteng-ის ბიზნესსტრუქტურებში ფიგურირებენ ჰუანგის და ჰუანგ იუ და მისი მეუღლე, საინვესტიციო სფეროში მომუშავე კანგ ვეი. ამასთან, Wuhu Century Longteng-მა 2026 წლის აპრილში Ping An Bank-ისგან 70 მილიონი დოლარის სესხის უზრუნველყოფის მიზნით 252 AI გამოთვლითი მოდული დააგირავა.
აღნიშნული გარიგებები განსაკუთრებით საყურადღებოა აშშ-ის მიერ ჩინეთში მოწინავე ჩიპების ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე. ელის ჰუანგი ადრე აკონტროლებდა სინგაპურში დაფუძნებულ კომპანია Megaspeed-ს, რომელიც Nvidia-ს პროცესორების ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო შემსყიდველი იყო. 23 ნოემბერს აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა Megaspeed სავაჭრო შავ სიაში შეიყვანა, რადგან კომპანიის შესაძლო მონაწილეობას იკვლევს ჩინელი მომხმარებლებისთვის შეზღუდული ტექნოლოგიების მიწოდებაში. Megaspeed ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ჰუანგმა კომპანია 2025 წლის აგვისტოში დატოვა.
Reuters-ის მიერ შესწავლილი დოკუმენტები არ ადასტურებს, რომ აღნიშნული სერვერები ჩინეთში ექსპორტისთვის აკრძალულ ჩიპებს შეიცავდა. ასევე, ჩანაწერებიდან არ ირკვევა, როდის და რა გზით მოხვდა ტექნიკა ჩინეთში. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ მითითებული 270 მილიონი დოლარი დაფინანსების გარიგებებში ჩართული აქტივების ღირებულებაა და არა აუცილებლად ახალი შესყიდვებისთვის დახარჯული თანხა.