გერმანული „შპიგელის“, ბელგიური გამოცემა „დე ტაიდის“ და და უნგრული „დირეკტ 36-ის“ ერთობლივ გამოძიებაში ნათქვამია, რომ უნგრეთი, სავარაუდოდ, წლების განმავლობაში ინახავდა ჯაშუშებს ბრიუსელში და ევროკავშირის ინსტიტუტების თანამშრომლების გადაბირებასაც კი ცდილობდა.

როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, მათ აქვთ პირველი მტკიცებულება იმისა, რომ ბრიუსელში უნგრელი აგენტები ევროკომისიის თანამშრომლების გადაბირებას ცდილობდნენ.

წყარომ, რომლის ვინაობაც არ სახელდება და რომელიც იმ დროს ევროკავშირის სტრუქტურაში მუშაობდა, განაცხადა, რომ კომუნიკაბელური მამაკაცი, რომელსაც მედიამ მეტსახელად „V“ უწოდა, არწმუნებდა მას, უნგრეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის სასარგებლოდ ემუშავა. წყარომ შეთავაზებაზე უარი თქვა. „V“ ბრიუსელში 2015-დან 2017 წლამდე, ოფიციალურად, დიპლომატი იყო.

ევროკომისია უნგრეთს კანონის უზენაესობის დარღვევის გამო აკრიტიკებს (ჩეხურ ენაზე)

იმავე წყარომ აღნიშნა, რომ „V“ დიდ ინტერესს იჩენდა ევროკომისიის შიდა საქმეებისა და სხვადასხვა სპეკულაციების მიმართ. ის ასევე სთავაზობდა გზებს, თუ როგორ მოეყვანათ მეტი უნგრელი ევროკავშირის ინსტიტუტების საკვანძო პოზიციებზე. „ეს ბრალდებები ჟურნალისტებს სახელმწიფო ინსტიტუტების კარგად ინფორმირებულმა ოფიციალურმა პირებმა დაუდასტურეს“, - იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“ Investigaci-ზე დაყრდნობით, რომელიც ამ საქმეს სწავლობდა.

უნგრელი ევროკომისრის ხელქვეითი

ჟურნალისტებმა ასევე მოიპოვეს დოკუმენტი ევროკავშირში უნგრეთის წარმომადგენლობიდან, საიდანაც ირკვვა, რომ „V“, ოფიციალურად, ჰარმონიზაციის პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლად იყო რეგისტრირებული და ოლივერ ვარჰეის ხელმძღვანელობით მუშაობდა, რომელიც მაშინ ევროკავშირში ელჩი იყო, შემდგომში კი - ევროკომისარი.

2017 წელს „V“ უკვე ზედმეტად თვალშისაცმი გახდა, როგორც ჩანს, შედეგების უფრო სწრაფად მიღწევის მიზნით ბუდაპეშტიდან განხორციელებული სავარაუდო ზეწოლის გამო. ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ის ახლა ვიცე-პოლკოვნიკის წოდებას ატარებს და ეროვნულ საინფორმაციო ცენტრში მუშაობს - სააგენტოში, რომელიც უნგრეთის ყველა სადაზვერვო სამსახურისგან აგროვებს ინფორმაციას.

ვარჰეიმ ჟურნალისტურ კვლევაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. მისი პრესსპიკერის თქმით, რაიმე სახის დარღვევის „არანაირი მტკიცებულება“ არ არსებობს. „V“-მ რეპორტიორების კომენტარის მოთხოვნა უგულებელყო.

ოლივერ ვარჰეიჯონ შისი / სააგენტო „ფრანს პრესი“

გერმანული ყოველდღიური გამოცემა „შპიგელი“ ირწმუნება, რომ ჟურნალისტებმა დაადგინეს კიდევ ორი შესაძლო უნგრელი ჯაშუში, რომლებმაც იმავე პერიოდში საეჭვო ქცევით მიიპყრეს ყურადღება.

ევროკომისია ანგარიშს შეისწავლის

ევროკომისიამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ჯაშუშობის ბრალდებების გამოსაძიებლად შიდა ჯგუფს შექმნის. „კომისია ეცნობა ყველა ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, უნგრეთის სადაზვერვო სამსახური ჯაშუშურ ოპერაციებს ახორციელებდა ევროკავშირისა და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ. კომისია ამ ბრალდებებს ძალიან სერიოზულად ეკიდება“, - განაცხადა კომისიის პრესსპიკერმა.

ევროკავშირში უნგრეთის მუდმივი წარმომადგენლობის პრესსპიკერს ამ საკითხზე კომენტარი უმალ არ გაუკეთებია და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს მიერ უნგრული საინფორმაციო ვებსაიტ Index-ისთვის გაკეთებულ განცხადებაზე მიუთითა. სიიარტომ ვებგვერდს განუცხადა, რომ ის ასეთი საქმის შესახებ ინფორმირებული არ იყო და ბრალდებას რეალური საფუძველი არ გააჩნდა.

უნგრულმა სერვერმა „დირეკტ36-მა და ბელგიურმა გაზეთმა „დე ტაიდმა“ 2024 წლის ბოლოს უკვე გამოაქვეყნეს გამოძიების შედეგები, რომლი მიხედვითაც, უნგრეთის სადაზვერვო სამსახურები ევროკავშირის ოფიციალურ პირებს უთვალთვალებდნენ.

„ადრინდელი ცნობები მიუთითებდა, რომ ნატო-ს მიმართ უნგრეთის პოზიციის გამო შეშფოთებამ ალიანსს უბიძგა, ბუდაპეშტთან ინფორმაციის, განსაკუთრებით კი სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეეზღუდა“, - აღნიშნავს „უკრაინსკა პრავდა“.