უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭისყრის მეორეჯერ გამართვის შემდეგ მიიღო "რუსეთის ფედერაციის აგრესიის პირობებში უკრაინაში დემოკრატიის მხარდაჭერის" განცხადება, რომლის მიხედვითაც ქვეყნის პარლამენტი საპრეზიდენტო არჩევნებს გამოაცხადებს მაშინ, როცა უკრაინის ტერიტორიაზე "უზრუნველყოფილი იქნება ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა".
"უკრაინის უმაღლესი რადა უკრაინელი ხალხის სახელით აცხადებს, რომ უკრაინა, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, როგორც კი მის ტერიტორიაზე ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა იქნება უზრუნველყოფილი, უკრაინის პარლამენტის გადაწყვეტილებით გამოაცხადებს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს და უზრუნველყოფს მათ ჩატარებას ყველა საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტის შესაბამისად." - წერია მიღებულ განცხადებაში.
გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 268 დეპუტატმა.
მიღებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "უკრაინის უმაღლესი რადა და უკრაინის პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი არჩეულები არიან თავისუფალ, გამჭვირვალე, დემოკრატიულ არჩევნებში, საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევით, რაც აღიარებული იყო მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ".
ასევე ნათქვამია, რომ "საომარი ვითარების სამართლებრივ რეჟიმში არჩევნების ორგანიზაციისა და ჩატარების შემთხვევაში არ იქნება გათვალისწინებული საარჩევნო უფლებათა ყველა ეროვნული და საერთაშორისო პრინციპი, რაც ასეთ არჩევნებს გადააქცევს ფარსად, ისეთად, როგორიც 2024 წლის მარტში რუსეთის ფედერაციაში ვლადიმირ პუტინის ხელახალი დანიშვნა იყო".
ამ განცხადების მიღებით, "უმაღლესი რადა ხაზს უსვამს, რომ სწორედ ვლადიმირ პუტინია პასუხისმგებელი იმაზე, რომ უკრაინაში დღეს შეუძლებელია თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ორგანიზება". ასევე ხაზგასმულია, რომ საომარი მდგომარეობა არ იძლევა არჩევნების კონსტიტუციის შესაბამისად ჩატარების საშუალებას.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის მანდატს უკრაინის უმაღლესი რადა და ხალხი ეჭვქვეშ არ აყენებს.
"უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა შეასრულოს საკუთარი უფლებამოსილება მანამ, სანამ უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტი თანამდებობას არ დაიკავებს უკრაინის კონსტიტუციის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად." - ნათქვამია რადის მიღებულ გადაწყვეტილებაში.
აქამდე, 19 თებერვალს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თქვა, რომ წელს უკრაინაში არჩევნების დანიშვნა შესაძლებელია, თუმცა ამისთვის საჭიროა ომის დასრულება და საომარი მდგომარეობის გაუქმება.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი თქვა, რომ უკრაინაში არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მათი ჩატარება მხოლოდ ომის "ცხელი ფაზის" დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
24 თებერვალს უკრაინის უმაღლესმა რადამ პირველი კენჭისყრით ვერ მიიღო ის განცხადება, რომელსაც 25 თებერვალს 268 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
19 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ზელენსკის დიქტატორი უწოდა. აქამდე ვლადიმირ პუტინი უკრაინასთან შესაძლო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ამბობდა, რომ ის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ზელენსკის პირისპირ დაჯდომას არ აპირებდა, რადგან მის ლეგიტიმურობაში ეჭვი შეჰქონდა.