სვალბარდის (რუსულად და გერმანულად: შპიცბერგენი - რედ.) არქიპელაგი, რომელიც ნორვეგიის სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება, მაგრამ რუსეთის გავლენასაც განიცდის, დიდ სახელმწიფოებს შორის არქტიკაზე კონტროლის დასამყარებლად გაჩაღებული ბრძოლის არენას წარმოადგენს.
დონალდ ტრამპს გრენლანდია სურს. დანიის შემადგენლობაში მყოფი დიდი კუნძულის მიმართ მისი ინტერესი ახალი არ არის, მაგრამ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მისი მუქარა სულ უფრო ხმამაღლა გაისმის. თეთრი სახლის ახალი მკვიდრის ამბიციებს სააშკარაოზე გამოაქვს ის ფარული ბრძოლა, რომელსაც შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი არქტიკის კონტროლისთვის აწარმოებენ. ეს არც არის გასაკვირი - არქტიკა უმნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილია მომავლის მარშრუტებსა და რესურსებზე დომინირებისთვის.
რა გავლენა იქონია უკრაინის ომმა არქტიკისთვის ბრძოლაზე? ამ საკითხს პოდკასტ „უკრაინის დღიურების“ ახალ თავში აანალიზებს ესპანეთის ტელესამაუწყებლო კორპორაციის (TVE) ჟურნალისტი და სვალბარდის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ავტორი, პილარ რეკენა. ის საუბრობს სვალბარდის არქიპელაგის შესახებ, რომელიც ნორვეგიის სუვერენიტეტის ქვეშ იმყოფება, პლანეტის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე დასახლებული ტერიტორიაა და მეტად მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მდებარეობა გააჩნია.
რესურსები და საზღვაო მარშრუტები - არქტიკის მარგალიტი
სვალბარდი კლიმატის ცვლილებით ძალიან დაზარალდა. რეგიონში ყინულის დნობა იწვევს ახალი სანაოსნო მარშრუტების გაჩენას, რომელთა გაკონტროლებას რუსეთი და სხვა ქვეყნები ცდილობენ. გარდა ამისა, ყინულის დნობა აადვილებს წვდომას ისეთ ღირებულ რესურსებზე, როგორიცაა გაზი, ნავთობი, ლითიუმი და დედამიწის წიაღში არსებული იშვიათი ლითონები.
არქიპელაგზე სუვერენიტეტი ნორვეგიას აქვს, მაგრამ ის არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც სვალბადზე არსებული რესურსების ექსპლუატაცია შეუძლია. „ყველა ქვეყანას, რომელმაც სვალბარდის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, აქვს ამის უფლება. მათ შორის არის რუსეთიც. ის არქიპელაგის ორ დასახლებას ინარჩუნებს, რომლებიც თითქმის 100 წლის წინ შეიძინა, თუმცა მათგან მხოლოდ ერთია დასახლებული. ბარენცბურგში დაახლოებით 400 ადამიანი ცხოვრობს“, - განმარტავს პილარ რეკენა.
უკრაინის ომის გავლენა
უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთმა და ნატო-მ არქტიკაში თავისი სამხედრო ყოფნის მასშტაბები გაზარდეს. „აღსანიშნავია, რომ სვალბარდის არქიპელაგი მდებარეობს კოლის ნახევარკუნძულის გვერდით, სადაც რუსეთის ბირთვული არსენალის უმეტესი ნაწილი, ჩრდილოეთის ზღვის ფლოტი და ატომური წყალქვეშა ნავებია განლაგებული. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ამ ტერიტორიას რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს“, - ამბობს რეკენა.
სამხედრო ძალას სვალბარდამდე ჯერ არ მიუღწევია, რადგან ეს ხელშეკრულებით აკრძალულია. თუმცა, უკრაინაში რუსეთის შეჭრამ არქიპელაგზე სხვა კვალი დატოვა. „ომის დაწყებამდე, ნორვეგიული და რუსული თემები, თითოეული საკუთარ მიწაზე, მშვიდობიანად ცხოვრობდა. ჩამოყალიბებული იყო თანაბარუფლებიანი და მშვიდი ურთიერთობები, ხორციელდებოდა თანამშრომლობა სხვადასხვა, განსაკუთრებით სამეცნიერო დონეზე. მაგრამ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ეს ჰარმონია დაარღვია. ურთიერთობები, მათ შორის სამეცნიერო, მოიშალა. ამას ორივე მხარის მეცნიერები ნანობენ და უკმაყოფილებას გამოხატავენ, რადგან მონაცემების გაცვლა სჭირდებათ“, - განმარტავს რეკენა და დასძენს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა დასავლეთის სანქციებმა რუსული დასახლება დაბლოკა, რამაც განსაკუთრებით სვალბარდის საქმიანობის ორი ძირითადი სფერო -ტურიზმი და ქვანახშირის მოპოვება - დააზიანა.
წყარო: 1 არხი