რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, როგორც ჩანს, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებით უკმაყოფილოა და ფიქრობს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი რეგიონული წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლება კრემლის იმიჯის გამოსწორებას შეუწყობს ხელს.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიმიხაილ მეცელი / სააგენტო „ფრანს პრესი“

9 ივლისს, მიხაილ ბოგდანოვი, რომელიც, დიდი ხანია, აზია-აფრიკის რეგიონში რუსეთის პოლიტიკის არქიტექტორად მიიჩნევა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის საკითხებში პრეზიდენტ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ბოგდანოვი - განტევების ვაცი

72 წლის ბოგდანოვი, ოფიციალურად, „პირადი მიზეზების“ და „ხანდაზმული ასაკის“ გამო დაითხოვეს სამსახურიდან, თუმცა, ის იმავე ასაკისაა, რამდენისაც თავად პუტინი და უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი. ამიტომ, ამ გადაწყვეტილების მიღება უფრო პოლიტიკურ მოტივებზე მიანიშნებს.

საბჭოთა და რუსულ დიპლომატიაში ბოგდანოვმა ხუთ ათწლეულზე მეტი გაატარა და იემენში, ლიბანში, ისრაელში, ეგვიპტესა და სირიაში მსახურობდა. ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2011 წელს, სწორედ მაშინ დაინიშნა, როდესაც ახლო აღმოსავლეთში, „არაბული გაზაფხულის“ შედეგად, არეულობა დაიწყო. იმავე წელს დაიწყო სამოქალაქო ომიც სირიაში.

2015 წელს რუსეთმა, გაჭირვებაში მყოფი დიქტატორის, ბაშარ ასადის მხარდასაჭერად, სირიაში სამხედრო ინტერვენცია განახორციელა. ამ ნაბიჯის გადადგმაში ბოგდანოვმა საკვანძო როლი ითამაშა. სირიაში რუსული ძალების შეყვანებამდე, ის ხელს უწყობდა კრემლის პოლიტიკის ფორმირებას, რომელიც გულისხმობდა ასადის მხარდაჭერას როგორც ოპოზიციური ჯგუფების, ისე ისლამისტური დაჯგუფებების წინააღმდეგ, ეს კი, ფაქტობრივად, ათასობით სირიელის მკვლელობაზე თანხმობის მიცემას ნიშნავდა.

ყველა მხარის მოხიბვლა

ახლო აღმოსავლეთი სტრატეგიულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რომელიც ყველა მხარის - სუნიტებისა და შიიტების, ისრაელისა და ირანის - მოსახიბლად, ორმაგ მიდგომას იყენებს და ამას აკეთებს არა შუამავლობის მიზნით, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს, როგორც ყველასთვის შეუცვლელი პარტნიორი და დასავლეთის ანტაგონისტი.

მოსკოვმა გააკრიტიკა აშშ-ის ხელმძღვანელობით სადამ ჰუსეინის დამხობა, ამავდროულად კი ერაყის შიიტური ხელმძღვანელობა მოხიბლა, ხოლო სუნიტ მოკავშირეებს სადამისადმი ისტორიული მხარდაჭერა შეახსენა.

რუსეთმა შეინარჩუნა თბილი ურთიერთობა ირანთან, მაგრამ ასევე მდუმარე თანხმობა მისცა ისრაელის საჰაერო თავდასხმებზე სირიაში არსებულ ირანის პოზიციებზე. ეს დარტყმები, შესაძლოა, მხოლოდ იმიტომ განხორციელდა, რომ წინასწარ იყო ცნობილი - რუსეთის სამხედრო-საჰაერო თავდაცვა მათზე რეაგირებას არ მოახდენდა.

ამ სახიფათო თამაშის მართვა ბოგდანოვს დაევალა. მაგრამ, რადგან უკრაინაში ომმა რუსეთის გლობალური პოზიციები შეასუსტა, ბზარები მის ახლო აღმოსავლეთის სტრატეგიაშიც გაჩნდა.

ასადის რეჟიმის მოულოდნელი დაცემა

ყველაზე დიდი დარტყმა მოსკოვმა გასული წლის დეკემბერში, ასადის რეჟიმის მოულოდნელი დაცემით მიიღო. ეს იყო წარუმატებლობა, რომელიც ბოგდანოვმა ვერც იწინასწარმეტყველა და ვერც აღკვეთა.

სინამდვილეში, მისმა პოლიტიკამ, შესაძლოა, ხელიც კი შეუწყო ამ კოლაფსს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის შეთანხმება ისრაელთან (სირიის გაცვლა იმაში, რომ ისრაელი უკრაინასთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებდა) ასევე გულისხმობდა თვალის დახუჭვას, როდესაც ისრაელი ირანულ სამიზნეებს დაბომბავდა.

რუსეთთან დაახლოებულმა სირიელმა ჩინოვნიკებმა ხელი შეუშალეს ირანის მცდელობებს, წინააღმდეგობა გაეწია ალეპოზე ჯიჰადისტური შეტევისთვის. მოსკოვს ეგონა, რომ ასადი ზედმეტად იყო დამოკიდებული რუსეთის მხარდაჭერაზე და მას ვერ დაამხობდნენ. ეს ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა.

ასადის დაცემამ აიძულა რუსეთი, ნაჩქარევი ნაბიჯი გადაედგა: მას ან თავისი დიდი ხნის კლიენტი უნდა გადაერჩინა, ან სირიის ახალ მმართველებზე გადართულიყო.

საბოლოოდ, მოსკოვმა „ჰუმანიტარული ევაკუაცია“ მოაწყო და ასადს თავშესაფარი შესთავაზა.

მაგრამ რუსეთის რეპუტაციისთვის, როგორც სანდო მოკავშირისთვის, ზიანი უკვე მიყენებული იყო - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 2025 წლის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების არსებობის მიუხედავად, ირანზე ისრაელის თავდასხმებს ვერ უპასუხა.

რუსეთის ელჩმა ერაყში, ელბრუს კუტრაშევმა სატელევიზიო ინტერვიუში აღიარა, რომ შიიტ მოკავშირეებს მხოლოდ „მილიონობით რუსის ლოცვის“ იმედი შეიძლებოდა ჰქონოდათ.

სირიის ახალი მმართველებისკენ მობრუნება

ბოგდანოვის საბოლოო მისია იყო, დაერწმუნებინა სირიის ახალი ხელმძღვანელობა აჰმედ ალ-შარაას ხელმძღვანელობით, რომ რუსეთი არასოდეს უჭერდა მხარს ასადს და სირიის სახელმწიფოს მხარეზე იდგა იმისდა მიუხედავად, თუ ვინ იყო ხელისუფლების სათავეში. ამით, სირიის ახალ მმართველებს უნდა დაევიწყებინათ ის ფაქტი, რომ მოსკოვი ოდესღაც ბომბავდა მათ, ეცნოთ მოსკოვი პარტნიორად და მიეცათ მისთვის ტარტუსსა და ხმეიმიმში სამხედრო ბაზების შენარჩუნების უფლება.

ბოგდანოვმა დაარწმუნა პუტინი, რომ ამას შეძლებდა და შარაასთან მოსალაპარაკებლად იანვარში პირადად გაემგზავრა.

მაგრამ სირიელებმა ასადის ექსტრადიცია მოითხოვეს. მიუხედავად ამისა, მაისის ბოლომდე, ბოგდანოვი პუტინს ეუბნებოდა, რომ მოლაპარაკებები წინ მიიწევდა.

სინამდვილეში, ასე არ იყო. სირიელებმა გააუქმეს რუსეთთან შეთანხმება ტარტუსის პორტის მართვის შესახებ და კონტროლი არაბთა გაერთიანებულ საემიროებს გადასცეს. ამავდროულად, მათ დაიწყეს შეერთებულ შტატებთან გარიგებისკენ სვლა.

პუტინის მოთმინება ამოიწურა. ბოგდანოვი გაათავისუფლეს - რუსული სტანდარტებით, ის იღბლიანი აღმოჩნდა, რომ ცოცხალი გადარჩა და საეჭვო „თვითმკვლელობის“ მსხვერპლი არ გახდა.

როგორც ჩანს, კრემლი ახლა ფსონს იმაზე დებს, რომ ბოგდანოვის გადაყენება ორ მიზანს მოემსახურება: ირანის დამშვიდებას იმ ადამიანის მსხვერპლად შეწირვით, რომელსაც ბევრი ასადის დაცემაში ადანაშაულებს და ამავე დროს, სირიის ახალი მმართველებისთვის სიგნალის მიცემას, რომ მოსკოვი მზად არის, ძველი მმართველის ერთგულებაზე უარი თქვას. გაამართლებს თუ არა ასეთი აზარტული თამაში, ჯერ კიდევ გასარკვევია.

ავტორი: ვიტოლდ რეპეტოვიჩი - ვარშავის სამხედრო კვლევების უნივერსიტეტის დოცენტი

წყარო: 1 არხი