თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონი, რომელიც 100 ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს, სამგორის რაიონში, დიდი ლილოს ტერიტორიაზე მდებარეობს.

ამ ნაგავსაყრელიდან მომავალი გაუსაძლისი სუნი და დაბინძურება, დიდი ლილოს დასახლებისთვის ბოლო 15 წლის განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

„შეიძლება ეზოში იჯდე, შენთვის ბავშვებთან ერთად ერთობოდე და უცებ წამოვიდეს ისეთი საშინელი სუნი, რომ სახლში გიწევს შერბენა ფანჯრების დახურვა… რაც შეიძლება რომ დაგვემართოს, ძალიან რთულია ამის გააზრება და ყოველდღიურად შენ სახლში იჯდე და ელოდებოდე, როდის დაგემართება ეს პრობლემები”, – ამბობს დიდი ლილოს მცხოვრები ქეთევან სახლთხუციშვილი.

„პირდაპირ ჩემს შვილებს ეხება ჯანმრთელობის პრობლემები – განსაკუთრებით ცრუ კრუპი აწუხებდათ – ძალიან მძიმე საყურებელია, როდესაც ამ სუნის შესუნთქვის დროს ბავშვი გაგუდვამდე მიდის, სასწრაფოს იძახებ, რომელიც ვერბალურად კი გიდასტურებს, რომ კი ეს ყველაფერი გამოწვეულია ნაგვის სუნის შესუნთქვით, მაგრამ არსად გიწერენ, რომ შემდეგ საბუთი გქონდეს და ამით იდავო… საშინელებაა, როდესაც საკუთარ შვილებს ხედავ ასეთ მდგომარეობაში”, – ამბობს სამი შვილის დედა ქრისტინე გაბისონია, რომელიც ოჯახთან ერთად დიდი ლილოს დასახლებაში ცხოვრობს.

„რეალურად ეს არ არის სუნი, ეს არის ის დამაბინძურებელი და გამანადგურებელი აირები, რომლებიც გამოიყოფა ხრწნის პროცესების შედეგად და ამას სუნთქავს ყველა ასაკის ადამიანი – მოხუცი, ბავშვი, ახალგაზრდა და ყველასთვის არის საგანგაშოდ დამაზიანებელი”, – გვეუბნება ლილოს ნაგავსაყრელის წინააღმდეგ საინიციატივო ჯგუფის წევრი მირანდა გულბანი, რომელიც თავადაც დიდი ლილოს დასახლებაში ცხოვრობს.

საინიციატივო ჯგუფი ლილოს ნაგავსაყრელის წინააღმდეგ რამდენიმე წლის წინ მიმდებარე დასახლებების მცხოვრებლებმა ნაგავსაყრელიდან მომავალი დაბინძურებისა და გაუსაძლისი სუნის გამო შექმნეს. ისინი თბილისის მერიისაგან მავნე ზემოქმედების შემცირებასა და ნაგავსაყრელის სხვა ადგილას გადატანას ითხოვენ.

დიდი ლილოს მცხოვრებლები გვიყვებიან, როგორ შეცვალა მათი ცხოვრება 15 წლის წინ 2010 წელს აქ გახსნილმა ნაგავსაყრელმა.

„მე დიდი ლილოდან ვარ, აქ ვცხოვრობ და ეს სოფელი ფაქტობრივად ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებულია ნაგავსაყრელისგან, იმიტომ რომ ჩვენ დასახლებასთან ერთი კილომეტრითაა დაშორებული და კიდევ უფრო უახლოვდება განაშენიანება ნაგავსაყრელს. საკმაოდ დიდი დასახლებაა დიდი ლილო, დაახლოებით 1200 ოჯახი ცხოვრობს აქ, თუმცა ჯამში ჩვენ გვაქვს საუბარი ათასობით ადამიანზე გარშემო სოფლებიდან… მაგალითად, სოფელი მარტყოფი რომ ავიღოთ, რომელსაც ასევე ძალიან დიდი ზიანი ადგება ნაგავსაყრელისგან, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი საქართველოში. ათიათასობით ადამიანზეა საუბარი, რომელსაც ადგება პირდაპირი ზიანი და არაპირდაპირი ზიანი ადგება მთელ თბილისსა და არამარტო მას. ნაჟური წყლებით, რომლებიც ნიადაგში ჩადის, აბინძურებს გარემოს, საკვებს, მცენარეებს…” – ამბობს მირანდა გულბანი.

დიდი ლილოს მცხოვრებლებმა რამდენიმე წლის წინ ნაგავსაყრელის წინააღმდეგ საინიციატივო ჯგუფი შექმნეს. ადგილობრივები გვიყვებიან იმ პრობლემებზე, რომლებიც აქ ნაგავსაყრელის ფუნქციონირებას უკავშირდება.

დასახლებაში ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის მცირე მოკვლევაც ჩატარდა.

„დავაკვირდით რამდენად ადგება ზიანი ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ბავშვებს – გამოვლინდა თვითნებური აბორტები, ბავშვებში ალერგიები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მოხუცებში – ყველა სიმპტომი, რაც მოწამვლას შეიძლება თან ახლდეს… სამწუხაროა, რთულია, დავადასტუროთ, რომ ეს სიმპტომები პირდაპირ ნაგავსაყრელს უკავშირდება…” – ჰყვება ქრისტინე გაბისონია.

„უამრავი კვლევა არსებობს შეერთებულ შტატებშიც, ევროპაშიც, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ გავლენას ახდენს არასწორად მოწყობილი ნაგავსაყრელები ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ძალზე ხშირია სიმსივნეები ნაგავსაყრელების მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაში, ასევე სასუნთქი გზების პრობლემები… ცალკე კვლევებია ჩატარებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით – უამრავი კვლევა არსებობს 2-3 კილომეტრით დაშორებულ დასახლებებში, როგორი მავნე ზეგავლენა აქვს ნაგავსაყრელიდან მომავალ დაბინძურებას ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე,” – ამბობს „მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი ქეთი გუჯარაიძე.

ნაგავსაყრელიდან ქარის მიერ გავრცელებული ნაგავი მიმდებარე არეალს სერიოზულად აბინძურებს – ქარის მიერ ნაგვის გირლანდებით მორთული ხეები სამგორის არხს მთელ სიგრძეზე მიუყვება, რომლის მდგომარეობაც, ასევე უკიდურესად მძიმეა.

„არხი ზემოდან წესით უნდა იყოს დაფარული, რომ ნაგავსაყრელიდან ქარის წამოღებული ნაგავი შიგნით არ ცვიოდეს, მაგრამ ცვივა, შემდეგ წყალს მიყვება და თბილისის ზღვასაც აბინძურებს – შეგიძლიათ ნახოთ, რა დღეშია აქედან წაღებული ნაგვით თბილისის ზღვა… ნაგავსაყრელიდან ქარის მოტანილი დაბინძურებით ლილოს დასახლებაზე მეტად ნავსადგური ზიანდება, რადგან ის ცოტა ქვემოთ მდებარეობს” – ამბობს ქრისტინე გაბისონია.

ახალი თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელის მოწყობა თბილისის მთავრობას 2009 წელს ნორიოში ჰქონდა გადაწყვეტილი, რისთვისაც გარემოზე ზემოქმედების კვლევაც უკვე ჩატარებული იყო, თუმცა მოსახლეობის პროტესტის შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვალა და 2010 წელს ახალი ნაგავსაყრელისთვის  ყველასთვის მოულოდნელად დიდი ლილოს ტერიტორია შეარჩიეს.

„დიდი წვიმა როდესაც არის, ეს ტერიტორია, შემოღობილი რომელიც არის, ვეღარ იკავებს დიდი რაოდენობით გამონაჟონ წყალს, უმისამართოდ გამოდის, სანიაღვრეებს მიჰყვება და ჩადის არხში, რომელიც შემდეგ თბილისის ზღვაში ჩაედინება… იმდენად დაბინძურებულია ეს წყალი, რომ რაც არ უნდა გაიფილტროს თბილისის ზღვა, შემდეგ ეს ჩვენს ონკანებში მოედინება”, – ამბობს ქრისტინე გაბისონია.

„წესით წვიმა როდესაც მოდის, ისე უნდა იყოს სისტემა მოწყობილი, რომ ეს ნაჟური წყლები მდინარეში ან არხში ვერ ხვდებოდეს, აქ პირიქით ხდება – არ ვიცი, ასეთი რამ ვინ ჩაიდინა, მაგრამ მიმართულია ისე ეს წყლები, რომ არხში მოხვდეს… არხიდან კი ჩაედინება თბილისის ზღვაში… გარდა ამისა, ნიადაგი ბინძურდება, იქვე მოჰყავთ ხორბალი, აძოვებენ პირუტყვს – ეს ნიშნავს, რომ ეს კვებით ჯაჭვში ხვდება და მერე ისევ ჩვენს ორგანიზმში”, – ამბობს „მწვანე ალტერნატივას” წარმომადგენელი ქეთი გუჯარაიძე, რომელიც ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემას წლების განმავლობაში აკვირდება. მისი შეფასებით, თანამედროვე ნაგავსაყრელის ნაცვლად ლილოში დღეს ფუნქციონირებს ძველი ტრადიციის ნაგავსაყარი, სადაც ყველა სახის ნარჩენი ერთმანეთს ერევა და გარემოზე მავნე ზემოქმედებას ახდენს.

„არანაირი კვლევა არ ჩატარებულა დიდი ლილოს მიმდებარე ტერიტორიის – ოპერირების დღიდან, დასაწყისიდანვე წამოვიდა ნაჟური წყლებისა და მეთანისა და ნახშირორჟანგის გაფრქვევის პრობლემები – იმდენად თვალნათელი იყო ეს პრობლემები, რომ სახელმწიფო უწყებებიც ვერ უვლიდნენ ამას გვერდს – მათ ანგარიშებშიც არის ეს ასახული – ოფიციალურ დოკუმენტებში შეიძლება ამის ნახვა… წარმოიდგინეთ, ათასობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა განიცდის ამ გადაწყვეტილების ზეგავლენას დღემდე. ჩემი აზრით, ეს არის დანაშაული, რომელიც რა დროსაც არ უნდა იყოს გასული, უნდა იყოს გამოძიებული. პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც მაშინ ეს გადაწყვეტილება მიიღო და მათაც, ვინც შემდგომ ამ ნაგავსაყრელის ოპერირებას აგრძელებს ისე, რომ არ გააკეთეს არაფერი ამ პრობლემების მოსაგვარებლად”, – ამბობს გუჯარაიძე.

დიდი ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემებთან დაკავშირებით ჩვენ „თბილსერვისჯგუფს” მივმართეთ, საიდანაც ასეთი წერილი გამოგვიგზავნეს.

„დიდი ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში განხორციელდება მასშტაბური პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის თვალსაზრისით და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სასესხო შეთანხმების ფარგლებში, პოლიგონზე ნაჟური წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა იგეგმება. საპროექტო და სამშენებლო ტენდერის გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. შესაბამისი ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება, რის შემდეგაც პროექტირების ეტაპი დაიწყება. პროექტის შედგენისა და დამტკიცების შემდეგ კი სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება. პროექტის ღირებულება 6 466 705 ევროს შეადგენს.

ასევე EBRD-ის სესხისა და E5P-ის გრანტის ფარგლებში პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოწყობა იგეგმება, რომლის ღირებულებაც 20 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტი მოიცავს ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების საბოლოო გადახურვას, უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან წარმოქმნილი გაზის შეგროვებასა და შემდგომ უტილიზაციას. პოლიგონზე მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც ნარჩენების განთავსების შედეგად გამოფრქვეული მეთანი ჰაერში არ გაიფანტება, მოხდება მისი ელექტროენერგიად გარდაქმნა და გამოყენება. ამ დროისთვის მიმდინარეობს საერთაშორისო კონსულტანტების შერჩევა, ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა. მომდევნო ეტაპზე საპროექტო და სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება”, – ნათქვამია წერილში.

მათივე ინფორმაციით, „მუნიციპალური ნარჩენების ალტერნატიული პოლიგონისთვის ტერიტორიის მოძიება გრძელდება. ახალი ნაგავსაყრელისთვის ადგილის შერჩევის პროცესი საქართველოს მთავრობის 421-ე დადგენილებით, საერთაშორისო ნორმებით განსაზღვრული პარამეტრებისა და პროცედურის გათვალისწინებით ხორციელდება. სხვა დეტალები შესწავლის პროცესის დასრულების შემდეგ გაირკვევა”.

ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების გადაღებაზე „თბილსერვისჯგუფმა” სამწუხაროდ უარი გვითხრა.

„ორჯერ გვქონდა თბილისის მერიასთან შეხვედრა – პირველ შეხვედრაზე კვლევებთან დაკავშირებით იყო საუბარი და მათი პოზიცია იყო ასეთი – ახლა რომ ჩაგიტაროთ კვლევები და ჯანმრთელობის არავითარი პრობლემა არ გამოვლინდეს, რა ხდება მერე? რეალურად ეს ზემოქმედება იმდენად გრძელვადიანი რამ არის, რომ დაიხუროს კიდევაც ეს ნაგავსაყრელი და კონსერვაცია მოხდეს – მომავალი 75-100 წელი ისევ გაგრძელდება მავნე ნივთიერებების გავრცელება”, – ამბობს მირანდა გულბანი.

„დღემდე მათ ჰპირდებიან, რომ აი, ახლა გაკეთდება წყლის სისტემის შემკრები, გაზის შემკრები, მაგრამ რატომღაც სხვა პროექტებისთვის იძებნება ფული და ეს პრობლემა არის ყოველთვის უკანასკნელი პრიორიტეტი…  მესმის, ერთი მხრივ, რატომ გაიწელა ასე აქამდე – იმიტომ, რომ ძალიან ხელსაყრელია ასე ახლოს გქონდეს შენ ტერიტორია, სადაც გაიტან ნარჩენებს, ამიტომ კი სტკივა მერიას თავი ამის გამო, მაგრამ არც ისე სტკივა, რომ ამდენი წელი რაიმე ქმედითი ნაბიჯი გადაედგა ამ პრობლემის მოსაგვარებლად… დიდი ლილო და მისი მიმდებარე დასახლებები ჩვენ – თბილისელებმა, რუსთავმა და კიდევ რამდენიმე სხვა დასახლებამ ვაქციეთ ეს სოფლები ერთგვარ მსხვერპლშეწირვის ზონად, ანუ ჩვენი არსებობისა და ცხოველქმედების პროდუქტებს, რომლებსაც ნარჩენებს ვეძახით, ვათავსებთ ნაგვის ურნაში, რომელიც შემდეგ მიდის ტერიტორიაზე, სადაც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს იქ მცხოვრებ ადამიანებზე ისე, რომ ჩვენ უბრალოდ არც კი ვიცით, არც კი ვფიქრობთ ამაზე. ფაქტობრივად ეს ადგილები არის მსხვერპლშეწირვის ზონები – ეს არის, მართლაც, კატასტროფა, რომლის შესახებაც უნდა ვიცოდეთ, არ შეიძლება ასე მიტოვება ამ ადამიანების საერთო პრობლემით”, – ამბობს ქეთი გუჯარაიძე.

euronewsgeorgia.com