უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე, 24 თებერვალს, რუსეთი გეგმავს, პროპაგანდისტების დახმარებითა და დეზინფორმაციული კამპანიით გამოაცხადოს „გამარჯვება უკრაინისა და ნატოს წინააღმდეგ“.

კიევში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის საინფორმაციო თავდასხმის ძირითადი ნარატივი დაფუძნებული იქნება განცხადებებზე, თითქოს „დასავლეთმა უღალატა უკრაინას“, „უკრაინელებისა და ევროპელების აზრი არც მოსკოვს აღელვებს და არც ვაშინგტონს“, „აშშ და რუსეთი ყველაფერზე შეთანხმდნენ უკრაინის ზურგს უკან“, „უკრაინის მთავრობა არალეგიტიმურია“ და თითქოს, „ფრონტზე უკრაინული ჯარი აგებს“.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მტკიცებით, დეზინფორმაციული კამპანიის მიზანია, უკრაინის მოსახლეობაში იმედგაცრუებისა და სასოწარკვეთის დათესვა, სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი ნდობის დაკარგვა, ქვეყნის მასშტაბით დესტაბილიზაციის გამოწვევა და დასავლელ პარტნიორებთან უკრაინის დისკრედიტაცია.

24 თებერვალს ზუსტად სამი წელი გავა მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო კიევის წინააღმდეგ. კრემლის საოკუპაციო არმია ცდილობდა დედაქალაქის აღებას, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი კიევის დაპყრობას სულ რამდენიმე დღეში გეგმავდა, ეს ასე არ მოხდა და სამი წლის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალები იბრძვიან რუსეთის ტერიტორიაზეც – კურსკში.

ამ დროისთვის ფრონტის ხაზზე, რომელიც სიგრძეც 1600 კილომეტრს აღემატება, ძირითადი საბრძოლო მოქმედებების რამდენიმე კერაა. კრემლის ჯარები ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ცდილობენ, ფრონტის აღმოსავლეთ ნაწილიდან უკან დახიონ უკრაინელი სამხედროები. რუსეთის მიზანია, მიაღწიოს ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე. თუმცა სამი წლის შემდეგ ეს ჯერ კიდევ ვერ შეძლო.

ამ ფლანგზე საბრძოლო მოქმედებების ყველაზე აქტიური კერა ბახმუტის, ლიმანისა და პოკროვსკის მიმართულებებზეა. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, რუსული არმია რამდენიმე დღის წინ დაწინაურდა ბოროვას, ტორეცკისა და ველიკა ნოვოსილკას მიმართულებით, თუმცა როგორც სამხედრო ანალიტიკური გამოცემები წერენ, რუსული არმიის წინსვლა რესურსების ხარჯვის მასშტაბებიდან გამომდინარე მინიმალურია. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, 2024 წელს კრემლის არმიამ 4200 კვადრატულ კილომეტრამდე ფართობის ოკუპირება შეძლო, რაც საქართველოს მასშტაბით, აფხაზეთზე მცირე ტერიტორიაა, რისთვისაც რუსეთს 420 000  ჯარისკაცი დაეღუპა.

საბრძოლო მოქმედებების მორიგი ცენტრი პოკროვსკის მიმართულებაა. თვეებია, კრემლის არმია უკრაინის არმიის ლოგისტიკური კვანძის დაკავებას ცდილობს. ბრძოლამ პოკროვსკის გარეუბნებსაც მიაღწია. ათეულობით საჰაერო იერიში და სახმელეთო შტურმი ჭარბი ცოცხალი ძალის გამოყენებით და ქალაქი ჯერ ალყაშიც არაა.

ამ ყველაფრის ფონზე კი უკრაინის არმია 2025 წლის დასაწყისში კვლავ გააქტიურდა კურსკის ოლქში. მართალია, ოპერაციის დაწყებისას დაკავებული ტერიტორიის ნაწილი უკრაინულმა არმიამ დათმო, თუმცა „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, ახლა უკრაინულმა არმიამ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში რამდენიმე ახალი დასახლება კვლავ დაიკავა.

სამხედრო ანალიტიკოსები საუბრობენ, რომ მართალია, უკრაინულ არმიას უამრავი გამოწვევა აქვს – ნაკლებობა შეიარაღებისა და ცოცხალი ძალის, თუმცა იფიტება რუსული არმიაც.

ამ საბრძოლო მოქმედებების ფონზე ვაშინგტონი და მოსკოვი უკრაინაში ომის თაობაზე კიევის მონაწილეობის გარეშე საუბრობენ. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც არაერთი განცხადება გააკეთა კვირის განმავლობაში კიევის მისამართით. ხოლო ევროპის ქვეყნები განიხილავენ ჯარების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობებს.

წყარო: euronews georgia