როგორც გამოცემა Financial Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს დაავალა, რომ აშშ-სთან ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმების უახლესი სამუშაო დოკუმენტის გაჟონვა გამოიძიოს.

Financial Times წერს, რომ გამოძიება, მათ შორის, პოლიგრაფის ტესტის (ე.წ. სიცრუის დეტექტორი) გამოყენებით მიმდინარეობს.

FT-სთან საუბრისას უკრაინელმა თანამდებობის პირებმა თქვეს, რომ რამდენიმე სამინისტროს პერსონალს ე.წ. სიცრუის დეტექტორის ტესტი უკვე ჩაუტარდა. თუმცა, გამოცემასთან საუბრისას წყაროებს სხვა დეტალები არ დაუზუსტებიათ.

გამოცემის თანახმად, გამოძიებები მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინელმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაროსლავ ჟელეზნიაკმა შეთანხმების უახლესი ვარიანტის ასლი გაასაჯაროვა. გარდა ამისა, დოკუმენტი FT-მ დამოუკიდებლად მოიპოვა და გამოაქვეყნა.

28 მარტს ზელენსკიმ Financial Times-თან საუბრისას გაჟონვას "უცნაური" უწოდა და თქვა, რომ "აინტერესებს, ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას".

გამოცემამ აღნიშნა, რომ ე.წ. სიცრუის დეტექტორის სამეცნიერო სანდოობა სადავოა, თუმცა სამართალდამცავი ორგანოები პოლიგრაფს გამოძიებების დროს ხშირად იყენებენ.

31 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა რომ ზელენსკი იშვიათი მინერალების შეთანხმებიდან უკან დახევას ცდილობს.

"ვფიქრობ, ზელენსკი ცდილობს უკან დაიხიოს იშვიათი მინერალების შეთანხმებიდან და თუ ამას გააკეთებს, მას პრობლემები შეექმნება, ძალიან დიდი პრობლემები". - თქვა ტრამპმა Air Force One-ზე ყოფნისას.

28 მარტს უკრაინულმა მხარემ აშშ-ს წარმომადგენლებთან, მათ შორის იურისტებთან, ვიდეო შეხვედრა გამართეს, რომელშიც აშშ-ს მიერ გაგზავნილი შეთანხმების ახალი სამუშაო ვერსიის შესახებ იმსჯელეს. 

ამავე დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ არის მზად, აშშ-თან მინერალებზე შეთანხმების ფარგლებში, ბოლო წლებში აშშ-ს მიერ მიწოდებული სამხედრო დახმარება ვალად აღიაროს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამერიკულ მხარესთან მთავარი კომპრომისები უკვე ხაზგასმული იყო საბაზისო შეთანხმებაში, რომელზეც ხელმოწერა თებერვლის ბოლოს ვერ შედგა. აღნიშნულ შეთანხმებაში გამოირიცხა, რომ აშშ-ს მიერ მიწოდებულ დახმარებას უკრაინა აანაზღაურებდა.

"ჩვენ არ მივიღებთ ვალებს, როგორც ეს ვთქვი. ეს აბსოლუტურად ცხადია ჩემთვის". - თქვა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა აშშ-სთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, თუ ის საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.

"ახალ ვერსიაში ბევრი რამაა, რაც ადრე არ განხილულა. ასევე, არის საკითხები, რომლებიც ადრე მხარეებმა უარყვეს" - აღნიშნა ზელენსკიმ.

წინა დღეს, 27 მარტს, აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის მინერალებზე შეთანხმება, შესაძლოა, მომდევნო კვირაში გაფორმდეს და დაამატა, რომ რუსულ მხარეზეა დამოკიდებული აშშ-ს მხრიდან სანქციების გაზრდის ან შემცირების საკითხი.

"რუსეთის ხელმძღვანელობის შემდგომი ნაბიჯები განსაზღვრავს, მოიმატებს თუ შემცირდება სანქციები და, ჩემი აზრით, პრეზიდენტი ტრამპი არ იყოყმანებს სანქციების გაზრდაზე, თუ ეს მას მოლაპარაკებებზე უპირატესობას მისცემს". - თქვა ბესენტმა.

მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 მარტს განაცხადა, რომ "ძალიან მალე" უკრაინასთან იშვიათ მინერალებზე შეთანხმებას ხელს მოაწერს, ხოლო 24 მარტს დაამატა, რომ უკრაინასთან შეთანხმება ფაქტობრივად "მიღწეულია".

წყარო: "ტაბულა"