ევროკავშირის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებში სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა ხელფასი 39 800 ევრო იყო, რაც 2023 წელთან შედარებით 5,2%-ით მეტია.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში დასაქმებულთა ანაზღაურება გაიზარდა, სტატისტიკური მონაცემებით აშკარად ჩანს, რომ სხვადასხვა სახელმწიფოში რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა.2024 წელს ყველაზე დიდი წლიური საშუალო ხელფასი ლუქსემბურგში იყო და 82 969 ევროს შეადგენდა. მეორე ადგილზეა დანია, სადაც შრომის საშუალო წლიური ანაზღაურება 71 565 ევრო იყო. მესამეზე ირლანდია – 61 051 ევრო. ბოლო ადგილზეა ბულგარეთი, სადაც წლიური საშუალო ხელფასი 15 387 ევრო, საბერძნეთში 17 954 ევრო და უნგრეთში – 18461 ევრო.

სრული განაკვეთზე დასაქმებულთა ხელფასების ყოველწლიური ინდექსი დგება ეროვნული ანგარიშებისა და შრომითი ძალის გამოკითხვის მონაცემთა კომბინაციის საფუძველზე. მაჩვენებლების კორექტირება ხდება ისე, რომ ნაწილობრივი დასაქმების შემოსავალი სრულ განაკვეთზე დასაქმებულთა ეკვივალენტურ საფუძველზე აისახოს.

საშუალო წლიური ხელფასების მონაცემებს თითოეული ქვეყანა წარმოადგენს ევროპის ანგარიშგების სისტემის ფარგლებში.

1tv.ge