აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ბრიფინგზე უპასუხა რეპორტიორის კითხვას, თუ "როგორი იქნება უკრაინის საზღვრები ომის დამთავრების შემთხვევაში - იქნება თუ არა რუკა იმის მსგავსი, როგორიც 2014 წლამდე იყო?"
ტრამპის თქმით, ეს "ცხადია ნაკლებად სავარაუდო იქნება'. "მათ ბევრი ტერიტორია დაიკავეს და იბრძოლეს ამ ტერიტორიისთვის, და ბევრი ჯარისკაცი დაკარგეს". - თქვა ტრამპმა.
თუმცა აშშ-ს პრეზიდენტმა დაამატა, რომ "ამ ტერიტორიების რაღაც ნაწილი დაუბრუნდება" უკრაინას.
12 თებერვალს აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, რომლის თავმჯდომარეც პირველად იყო გაერთიანებული სამეფო, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის გეგმა წარადგინა.
ჰეგსეთმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს, ევროპის მსგავსად, "სუვერენული და აყვავებული უკრაინა სურს", მაგრამ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის "2014 წლამდელ საზღვრებთან დაბრუნება არარეალური ამოცანაა".
აშშ-ს თავდაცვის მინისტრის თქმით, "უკრაინისთვის გრძელვადიანი მშვიდობა უნდა მოიცავდეს მტკიცე უსაფრთხოების გარანტიებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ომი ხელახლა არ დაიწყება. ეს არ უნდა იყოს მინსკი 3.0".
ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ პუტინთან საუბარი "ძალიან ხანგრძლივი და პროდუქტიული იყო", ხოლო კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი მზადაა, აშშ-ს პრეზიდენტი და მისი დელეგაცია მოსკოვში მიიღოს.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების გამართვის მიზნით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, საუდის არაბეთში შეხვდება.
პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც. ზელენსკის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტთან მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებზე და ერთად მუშაობის მზადყოფნაზე ისაუბრა.
"მნიშვნელოვანი საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან - ვისაუბრეთ მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობებზე, გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა ერთად მუშაობისთვის, გუნდურ დონეზე - ასევე უკრაინის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე, მათ შორის დრონებზე და სხვა თანამედროვე ინდუსტრიებზე". - თქვა ზელენსკიმ და დაამატა, რომ ტრამპმა მას პუტინთან საუბრის დეტალები გაუზიარა.