რუსეთმა უკრაინას კომპენსაციის სახით ტრილიონ დოლარზე მეტი უნდა გადაუხადოს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა, ოლეგ უსტენკომ განაცხადა, რასაც სააგენტო „უკრაინის ამბები“ ავრცელებს.

კიევის შეფასებით, პირდაპირმა ზარალმა 750 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო არაპირდაპირი ზარალის დამატებით, ეს მაჩვენებელი ტრილიონ დოლარამდე იზრდება.

ერთი წლის წინ უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალმა უკრაინის აღდგენისთვის საჭირო თანხის ოდენობად 750 მლრდ დოლარი დაასახელა. ის აცხადებდა, რომ „ქვეყნის აღდგენის მთავარი წყარო რუსეთის სახელმწიფოს და რუსი ოლიგარქების ჩამორთმეული ანგარიშები უნდა გახდეს.“

G7-ის ქვეყნების (აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთისა და იაპონიის) ანგარიშებზე რუსეთის 280 მლრდ დოლარის სუვერენული აქტივები გაყინული რჩება, ვიდრე „მოსკოვი უკრაინისთვის მიყენებულ ზარალს არ გადაიხდის.“ ამის შესახებ G7-ის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების მმართველების მიერ გასული წლის ოქტომბერში გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში წერია.

ამასთან, 1-ელ თებერვლის სამიტზე ევროკავშირის ლიდერები უკრაინისთვის 50 მლრდ ევროს ოდენობის დახმარებაზე შეთანხმდნენ, რომელიც კიევს ოთხი წლის განმავლობაში, 2027 წლამდე გადაეცემა.

bpn.ge