უკრაინა და რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გახანგრძლივებაზე შეთანხმების მიღწევისკენ მიდიან, - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„შეხვედრიდან პირველი ინფორმაცია არის ის, რომ ის დადებითად განვითარდა. მივდივართ მარცვლეულის დერეფნის შეთანხმების გახანგრძლივებისკენ. შავი ზღვის შეთანხმებამ, რომელიც თურქეთის დახმარებით გაფორმდა, შესაძლებელი გახადა 30 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეულის ექსპორტი იმ ქვეყნებში, რომლებსაც ის სჭირდებათ“, - ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მისი თქმით, უკრაინიდან შავი ზღვის პორტების გავლით მარცვლეულის ექსპორტი ნიშნავს შიმშილის პრევენციას და სტაბილურობის შენარჩუნებას.
„რას ნიშნავს ეს? შიმშილის პრევენციას და სტაბილურობის შენარჩუნებას“, - აცხადებენ თურქეთის თავდაცვის უწყებაში.
შეგახსენებთ, გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით გასული წლის ივლისში გაფორმებული მარცვლეულის შეთანხმებით უკრაინიდან შავი ზღვის პორტების გავლით მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტი გახდა შესაძლებელი. ამჟამად მოქმედი შეთანხმება მარტში ორი თვით გახანგრძლივდა და მისი ვადა 18 მაისს იწურება. რუსეთი შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება. რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაერო-ს მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა გუშინ სტამბოლში შეხვედრა გამართეს, რათა შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ წინადადებები განეხილათ.