ჩეხეთში ევროზე გადასვლასთან დაკავშირებით მსჯელობა პრეზიდენტ პეტერ პაველის საახალწლო გამოსვლის შემდეგ განახლდა. მან მხარი დაუჭირა კრონაზე უარის თქმას და თქვა, რომ ევრო იქნება ლოგიკური მომავალი ქვეყნის ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკისთვის.

თუმცა, ჩეხეთის ფინანსთა სამინისტრო ვერ ხედავს აზრს ქვეყნის ევროზონაში გადაყვანაში, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკა ჯერ არ აკმაყოფილებს არცერთ კრიტერიუმს.

სააგენტო Median-მა ჩაატარა კვლევა იმის შესახებ, ჩეხების რა ნაწილია მზად კრონადან ევროზე გადასასვლელად. ჩეხური მედია წერს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროპულ ვალუტაზე გადასვლას.

ჩეხების ორი მესამედი, რაც გამოკითხულთა 68%-ს შეადგენს, არ თვლის სასარგებლოდ ეროვნულ ვალუტაზე უარის თქმას და ევროზე გადასვლას. ამასთან, საპირისპირო აზრი გამოთქვა გამოკითხულთა 21%-მა. რესპონდენტთა კიდევ 11%-ს გადაწყვეტილება არ ჰქონია მიღებული.

მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, სურთ თუ არა ჩეხებს ევროზე გადასვლის რეფერენდუმის ჩატარება.

60%-ს სურს ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს; 35%-ს - არ მოსწონს იდეა; 5%-ს - გაუჭირდა პასუხის გაცემა.

ყველაზე ხშირად,  ევროს შემოღების უპირატესობებზე საუბრობენ სტუდენტები (45%), და ბიზნესმენები (40%).