თურქეთის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით რეკორდულ გაუფასურებას განაგრძობს. 

დღეს ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 24 ლირას მიაღწია, რაც გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმია.

ბოლო ერთწლიან პერიოდში თურქული ეროვნული ვალუტა თითქმის 25%-ითაა გაუფასურებული.

გასულ კვირას ერდოღანმა ახალი მთავრობის შემადგენლობა წარადგინა და ქვეყნის ფინანსთა მინისტრად ცნობილი ეკონომისტი, მეჰმეთ შიმშეკი დაინიშნა, რომელიც ტრადიციული ეკონომიკის მიმდევარია.

შიმშეკის დანიშვნა ინვესტორებისთვის იმის ნიშანია, რომ შესაძლოა თურქეთი ტრადიციულ ეკონომიკურ წყობას დაუბრუნდეს და ერდოღანმა თავისი ექსპერიმენტი დაასრულოს. ერდოღანის არატრადიციულმა ეკონომიკურმა მიდგომამ, რომლის თანახმადაც, საპროცენტო განაკვეთების შემცირება ინფლაციასაც შეამცირებს, ბაზარზე ახალი რეგულაციებისა და ჩარევების საჭიროება გამოიწვია. ამან კი უარყოფითად იმოქმედა უცხოელ ინვესტორებზე, ასევე თურქული აქციებისა და ობლიგაციების ღირებულებაზეც.