თურქული ბანკები სანქციების შიშით უარს ამბობენ რუსეთთან თანამშრომლობაზე, - ამის შესახებ რუსული მედია წერს.

თურქული ფინანსური ინსტიტუტები წყვეტენ რუსულ ბანკებთან საკორესპონდენტო ურთიერთობებს და აჩერებენ გადახდის პროცესს კონტრაქტის ოფიციალურად დახურვის გარეშე. გამონაკლისები მხოლოდ რუსეთში არსებული უცხოური ბანკების „შვილობილ კომპანიებს" ეხება.

თურქული Economim-ი წერს, რომ პირველი იანვრიდან ფულადი გზავნილები რუსეთიდან თურქეთში თითქმის შეჩერებულია, ექსპორტიორებმა შეწყვიტეს გადახდების მიღება ლირაში და რუბლებში, ზოგიერთმა ბანკმა უკვე დააბრუნა მიღებული ტრანზაქციები და განმარტა, რომ ტრანზაქციები ეხება „აკრძალულ საქონელს".

გამოცემის ცნობით, ტრანზაქციების საკითხი იანვრის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ანტონი ბლინკენის თურქეთში ვიზიტის დროს დადგა. მან ხაზი გაუსვა სანქციების გვერდის ავლისა და ექსპორტის კონტროლის საკითხების გადაწყვეტის მნიშვნელობას.

TASS-ის ინფორმაციით, შეფერხებები დაკავშირებულია აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ მიღებულ ზომებთან. რუსეთთან ურთიერთობას წყვეტენ ასევე ჩინეთიდან ჩამოსული ბანკებიც.

პრობლემა აღიარა თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეამ (TIM) და აღნიშნეს, რომ სირთულეები დეკემბრის ბოლოდან ხელისუფლების მიერ აუდიტისა და ინსპექტირების გამო გამწვავდა.