თურქმენეთი TRACECA-ს წლის ბოლომდე შეუერთდება. ამის შესახებ სააგენტო Trend-ს ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილემ, ბატირ ანაევმა განუცხადა.
„ახლახან დავიწყეთ ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესი და TRACECA-სთან თანამშრომლობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ეს ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. TRACECA-ში გაწევრიანება ქვეყანას საშუალებას მისცემს, ორგანიზაციის სხვა წევრ ქვეყნებს უფრო მჭიდროდ დაუკავშირდეს,“ - აცხადებს ანაევი.
ცოტა ახნის წინ TRACECA-ს ყველა წევრმა ქვეყანამ თურქმენეთის წევრობაზე თანხმობა დაადასტურა. ორგანიზაციის ცნობით, კასპიისპირა ქვეყნებში ტრანზიტის პოტენციალი წელიწადში 700 000 კონტეინერზე მეტს შეადგენს.
ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი, ანუ TRACECA (Transport Corridor Europe-Caucasus-Asia) ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამაა. ეს არის ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის ტვირთის გადაზიდვისა და მგზავრების გადაყვანის ერთიანი სისტემა, რომელიც ამ რეგიონის სახელმწიფოთა შორის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ურთიერთობათა განვითარებას უზრუნველყოფს.