2026 წლის პირველ კვარტალში თურქეთმა სამედიცინო ტურიზმიდან 761,5 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ამ პერიოდში ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებმა 302 487 უცხოელ პაციენტს გაუწიეს მომსახურება.

ინფორმაციას გამოცემა medimagazin.com ავრცელებს.

მისი მონაცემებით, თურქეთი სამედიცინო ტურისტებს ძირითადად ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ბალკანეთის ქვეყნებიდან, თურქულენოვანი სახელმწიფოებიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან იღებს. ყველაზე მოთხოვნად მომსახურებებს შორისაა ესთეტიკური და პლასტიკური ქირურგია, თმის გადანერგვა, სტომატოლოგიური მკურნალობა, ოფთალმოლოგია, ორთოპედია და ტრავმატოლოგია, კარდიოლოგია და ონკოლოგია. 
მომსახურების ექსპორტიორთა კავშირის წარმომადგენლის მუსტაფა ეროღუთის განცხადებით, 2025 წელს სამედიცინო მომსახურების მისაღებად თურქეთს 1 398 580 ადამიანი ეწვია, ხოლო ამ სექტორიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,022 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მისი თქმით, 2026 წლის პირველ კვარტალში ერთ პაციენტზე მიღებული შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 39%-ით გაიზარდა.

ეროღუთის განცხადებით, მათი მიზანია საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების ბაზარზე თურქეთის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებით კიდევ უფრო გაზარდონ უცხოელი პაციენტების რაოდენობა და ჯანდაცვის მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი. მისი თქმით, სამედიცინო ტურიზმის წილის გასაზრდელად მუდმივად ხორციელდება საერთაშორისო პოპულარიზაციის, ბრენდინგისა და თანამშრომლობის ღონისძიებები.
„ჩვენ ყოველწლიურად ვმასპინძლობთ სამედიცინო ტურისტებს დაახლოებით 180 ქვეყნიდან, ძირითადად ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, ბალკანეთიდან, თურქულენოვანი რესპუბლიკებიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან. ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტი პაციენტი გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ერაყიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთის ფედერაციიდან, ლიბიიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჩამოდის. გარდა ამისა, ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებიდან. ჩვენი სექტორის მიზანი მხოლოდ არსებულ ბაზრებზე ზრდა აღარ არის — ჩვენ ვცდილობთ, ახალი ბაზრებიც გრძელვადიანად ავითვისოთ. ამ მიმართულებით განსაკუთრებით დიდი პოტენციალი აქვს სუბსაჰარულ აფრიკას, სპარსეთის ყურის ქვეყნებს, აღმოსავლეთ ევროპას, ცენტრალურ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას. ამ ბაზრებზე თურქეთის, როგორც სამედიცინო ტურიზმის ბრენდის, ცნობადობის გასაძლიერებლად აქტიურად ვაგრძელებთ საერთაშორისო სარეკლამო და პრომოციულ საქმიანობას,“ - გნაცხადა მან.


მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ესთეტიკური ქირურგია, თმის გადანერგვა და სტომატოლოგია  სამედიცინო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, თურქეთი ყოველწლიურად სულ უფრო მეტ საერთაშორისო პაციენტს იზიდავს ისეთი მაღალტექნოლოგიური მიმართულებებითაც, როგორიცაა ონკოლოგია, გულ-სისხლძარღვთა ქირურგია და ორგანოთა ტრანსპლანტაცია.

ეროღუთის თქმით, თურქეთი, სადაც სამედიცინო ტურიზმის მომსახურებას 40-ზე მეტ ქალაქში 1 500-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება და ასობით საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ცენტრი უზრუნველყოფს, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო მიმართულებად არის ჩამოყალიბებული. მისი განმარტებით, უცხოელი პაციენტების მიერ თურქეთის არჩევის მთავარი მიზეზებია კლინიკური მკურნალობის წარმატების მაღალი მაჩვენებელი, თანამედროვე ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, გამოცდილი სამედიცინო პერსონალი და ევროპასთან შედარებით 40–70%-ით დაბალი ღირებულება.

ეროღუთის განცხადებით, ერთ პაციენტზე საშუალო დანახარჯმა დაახლოებით 2 500 აშშ დოლარს მიაღწია. თუმცა ონკოლოგიის, გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის, რობოტული ქირურგიის, ორგანოთა ტრანსპლანტაციისა და კომპლექსური მკურნალობის მიმართულებებში ეს მაჩვენებელი 10 000-დან 50 000 აშშ დოლარამდე მერყეობს. მისივე თქმით, ქვეყნის, როგორც სამედიცინო ტურიზმის გლობალური ბრენდის, კიდევ უფრო გასაძლიერებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„Heal in Turkey ბრენდი საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სფეროში თურქეთის ერთიანი სავიზიტო ბარათია. გარდა ამისა, ჩვენი ვაჭრობის სამინისტროს მიერ უცხოურ ბაზრებზე განხორციელებული სარეკლამო კამპანიები, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, ბრენდინგისა და Turquality-ის მხარდაჭერის პროგრამები მნიშვნელოვნად ზრდის სექტორის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობას. ჩვენი მიზანია, თურქეთი მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრდეს არა მხოლოდ ფასობრივი უპირატესობით, არამედ სანდოობით, მაღალი ხარისხით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და პაციენტების კმაყოფილების მაღალი დონით,“ - განაცხადა მან  და აღნიშნა ისიც, რომ არალეგალურ და არარეგისტრირებულ საქმიანობასთან ეფექტიანი ბრძოლა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა თურქეთის საერთაშორისო რეპუტაციის შესანარჩუნებლად. მისი განმარტებით, Heal in Turkey პლატფორმა უცხოელ პაციენტებს საშუალებას აძლევს, უსაფრთხოდ მოიძიონ და აირჩიონ ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულებები და ოფიციალურად ავტორიზებული შუამავალი ორგანიზაციები.