„ცოტა სპეკულაციურია იმის თქმა, ვის ინტერესებში შედიოდა საზღვრებზე ურთიერთობის ამ დონეზე გაფუჭება, თუმცა ფაქტია, რომ საზღვრებზე არსებული მდგომარეობით არც საქართველო სარგებლობს, არც აზერბაიჯანი. ერთადერთი ძალა, რომელიც დაინტერესებულია ჩვენ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობით, არის რუსეთი,“ – ამბოს საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, გიორგი მელაშვილი. მას სამხრეთ კავკასიის ამბებზე ვესაუბრეთ, პირველ რიგში კი, აზერბაიჯანზე, სადაც პროსახელისუფლებო მედია ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოსთან ურთიერთობების გართულებაზე წერს.
„თუ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს იზოლაციონისტური მიდგომები და რუსული გავლენების გაძლიერება გაგრძელდება, საქართველო აღარ იქნება განხილული, როგორც უსაფრთხო, სტაბილური და სანდო პარტნიორი. ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო მეტად გაიზრდება სამხრეთ განშტოებაზე ყურადღების გადატანის შესაძლებლობა, რაც იქნება ჩვენთვის სერიოზული ეკონომიკური ზიანი: იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გამოგვეყენებინა არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და უფრო მეტი ინტენსივობით აგვეშენებინა შუა დერეფანი, გამოდის, რომ საერთოდ თამაშგარე მდგომარეობაში ვრჩებით,“ – ამბობს გიორგი მელაშვილი.
„ბათუმელებმა“ გიორგი მელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია.
- ბატონო გიორგი, რა ხდება აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობებში? აზერბაიჯანის პროსახელისუფლებო მედია საუბრობს იმაზე, რომ აზერბაიჯანელ მძღოლებს საქართველოში პრობლემებს უქმნიან, თბილისმა ტვირთის გადაზიდვებზე ტარიფები გაზარდა და ბაქო განიხილავს სომხეთის საზღვრამდე სარკინიგზო ხაზის აღდგენას…
მოდით, დავიწყოთ ცოტა შორიდან. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ძალთა ბალანსი კავკასიაში მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეიცვალა. ეს გამოჩნდა ჯერ კიდევ ყარაბაღის ომის პერიოდში, როდესაც აზერბაიჯანმა მოახერხა საკუთარი ეროვნული ინტერესების განხორციელება და მათ დაიბრუნეს ყარაბაღის რეგიონი. ამავდროულად, რუსეთმა, რომლის იმედი ჰქონდა სომხეთს, ვერაფერი ვერ გააკეთა საკუთარი მოკავშირის დასახმარებლად. რუსული გავლენები – განსაკუთრებით სომხეთში – მკვეთრად არის შემცირებული.
მას შემდეგ, რაც რუსული გავლენები შემცირდა, ჩვენ დავინახეთ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ჩართულობა, ეგრეთ წოდებული ტრამპის კორიდორი – ტრამპის მშვიდობის მარშრუტი, რომელიც შედის, როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებში. ამ ყოველივეს ემატება მესამე მნიშვნელოვანი მოთამაშე – თურქეთის რესპუბლიკა, რომელთანაც სომხეთის რესპუბლიკას ისტორიულად აქვს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობები, თუმცა ყარაბაღის პრობლემის გადაჭრის შემდეგ აღინიშნება გარკვეული ნაბიჯები სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნასა და ზოგადად, ნორმალიზაციასთან დაკავშირებით.
- 2026 წლისთვის აპირებენ თურქეთი და სომხეთი საზღვრის გახსნას, როგორც უკვე ცნობილია…
ჯერჯერობით ცოტა ფრთხილად ვიქნებოდი ამ თემასთან დაკავშირებით.
ზოგადად, სომხეთ-თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზება არის ხანგრძლივი პროცესი. ეს ძალიან საინტერესო პროცესიც არის გარკვეულწილად, იმიტომ რომ აქ მთელი რიგი პრობლემებისა და ტრავმების გადალახვა მოხდება, რაც ძალიან კარგია ჩვენი რეგიონისთვის.
ასევე, ეს არის რუსული გავლენების მკვეთრი შემცირება: სომხეთ-თურქეთის საზღვარს დღეს იცავს არა სომხეთის საბაჟო და სასაზღვრო სამსახური, არამედ რუსული „ფეესბე“. იმ შემთხვევაში, თუ სომხეთსა და თურქეთს შორის მოხდება ურთიერთობების ნორმალიზება, რა თქმა უნდა, „ფეესბეს“ ძალების არსებობას სომხეთ-თურქეთის საზღვარზე არანაირი რაციონალური გამართლება აღარ ექნება. ისინი იძულებულები იქნებიან დატოვონ, მათ შორის, საზღვრის ნაწილი.

გიორგი მელაშვილი
როგორც აზერბაიჯანში, ასევე სომხეთში, რუსული გავლენები მნიშვნელოვნად მცირდება. ერთადერთი რეგიონული მოთამაშე, სადაც რუსული გავლენები არათუ მცირდება, არამედ იზრდება კიდეც, არის საქართველო. ბალანსი კავკასიაში იცვლება და იცვლება არა რუსეთის სასარგებლოდ.
ამ მოცემულობაში „ქართული ოცნება“ ცდილობდა დაეჯერებინა საქართველოს მოსახლეობა, რომ თითქოსდა მათ აქვთ დაბალანსების პოლიტიკა, რომ ისინი ცდილობენ საქართველოში ყველა სხვადასხვა მოთამაშის ინტერესების დაბალანსებას, თითქოს ეს იყო ერთადერთი გამოსავალი არსებულ ტურბულენტურ, საერთაშორისო გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში.
ეს იყო პროპაგანდის ძირითადი ნარატივი, მაგრამ თუ შევხედავთ რეალურ სიტუაციას და რეალურ მოცემულობას, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოდან სრულიად განდევნა დასავლეთი.
ნებისმიერ საერთაშორისო ურთიერთობებში ბალანსის განტოლებას სჭირდება სხვადასხვა ცვლადის დაბალანსება. განტოლების რომელიმე წევრის განდევნის შემთხვევაში, ვერანაირ დაბალანსებაზე ვეღარ ვსაუბრობთ და პირიქით – ბალანსი გადაიხრება სხვა მოთამაშისათვის. მას შემდეგ, რაც საქართველოში დასავლეთის დადებითი, პოზიტიური გავლენები შემცირდა, ბუნებრივია, წარმოიშვა ძალის ვაკუუმი და ამ ძალის ვაკუუმის შევსების პოტენციალი ერთადერთი აქვს რუსეთის ფედერაციას.
ამიტომაც, ჩვენ გვაქვს მოცემულობა: სომხეთში რუსული გავლენები მცირდება, დასავლეთის პოზიტიური გავლენა იზრდება. აზერბაიჯანს აქვს იმის უნარი და პოტენციალი, რომ საკუთარი ეროვნული ინტერესები დამოუკიდებლად ან თურქეთთან ერთად და შესაბამისად, ირიბად ნატოს დახმარებით დაიცვას. რჩება საქართველო, რომელიც არის ამჟამად იზოლაციაში: დასავლეთთან ურთიერთობები გვაქვს ისტორიულ მინიმუმზე, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება არის შეწყვეტილი, ჯერ კიდევ წინა ადმინისტრაციის პირობებში. მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში კი, საქართველოს ხელისუფლებას არცერთი მაღალი რანგის შეხვედრა არ ჰქონია.
ეს კონტრასტი ძალიან კარგად ჩანს, მათ შორის, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმართებით. როგორც ალიევი, ასევე ფაშინიანი, იყვნენ ვაშინგტონში, არაერთი შეხვედრა ჰქონდათ, როგორც შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ასევე უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპთან.
- მით უმეტეს, იზოლაციის პირობებში რატომ აწყობდა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ურთიერთობის გართულება? ან აზერბაიჯანი რა გათვლით შეიძლება მოქმედებდეს?
არც საქართველოს და არც აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებში ნამდვილად არ შედის დაძაბულობა ჩვენს ქვეყნებს შორის. როგორც საქართველო, ასევე აზერბაიჯანი არის „შუა დერეფნის“ ნაწილი. „შუა დერეფნის“ ჩრდილოეთის განშტოება, რომელიც გადის საქართველოზე, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამოქმედება მოხდება სრულფასოვნად და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ მივიღებთ ნორმალიზებას თურქეთსა და სომხეთს შორის, საქართველოზე გამავალ „შუა დერეფნის“ ჩრდილოეთის განშტოებას შეექმნება ბუნებრივი კონკურენტი სამხრეთით – სამხრეთის განშტოება. შესაბამისად, ის ტვირთები და ის ეკონომიკური სარგებელი, რომელიც გააჩნდა საქართველოს, გადანაწილდება ორ ნაკადზე და ჩვენ დავკარგავთ საქართველოს უნიკალურ გეოპოლიტიკურ ფუნქციას.
ამის კონტრ-ნაბიჯად შეიძლებოდა კონკურენტული უპირატესობის შექმნა, მაგალითად ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ამ დროის განმავლობაში ანაკლიის პორტის მშენებლობას არა მარტო ვერ დაადგა საშველი, არამედ ესეც გახდა დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭების ერთ-ერთი საბაბი.
რაც შეეხება უშუალოდ თქვენს შეკითხვას, ამ ეტაპზე აზერბაიჯანს აქვს საკუთარი ეროვნული ინტერესები: მინიმალურ ფასად სომხეთთან კომუნიკაციის დამყარება. საქართველოს ინტერესებში, რა თქმა უნდა, შედის გაცილებით უფრო მეტი დოვლათის შექმნა, თუმცა გვახსოვს, რომ საზღვარზე არსებული პრობლემები იყო სომხეთთან დაკავშირებითაც, ისმოდა გარკვეული უკმაყოფილება ჩვენი მეზობლების მხრიდან საზღვრის მუშაობასთან დაკავშირებით.
აქ ცოტა სპეკულაციურია იმის თქმა, ვის ინტერესებში შედიოდა საზღვრებზე ურთიერთობის ამ დონეზე გაფუჭება, თუმცა ფაქტია, რომ საზღვრებზე არსებული მდგომარეობით არც საქართველო სარგებლობს, არც აზერბაიჯანი. ერთადერთი ძალა, რომელიც დაინტერესებულია ჩვენ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობით, არის რუსეთი.
- რუსეთი ირიბად სარგებლობს ამ მდგომარეობით, თუ ჩანს, რომ კონკრეტული სქემით მოქმედებს ამ შემთხვევაშიც?
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბულობა ერთადერთი აწყობს ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციას. რუსეთმა დაკარგა კავკასიაში გავლენის ბერკეტების უდიდესი ნაწილი და ერთადერთი ბერკეტი, ერთადერთი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს რუსეთთან ახლო ურთიერთობების შენარჩუნებას, არის „ქართული ოცნების“ რეჟიმი.
საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბულობა პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ მთელი „შუა დერეფნის“ პროექტის კონცეფცია ვეღარ განხორციელდება. ეს ნიშნავს იმას, რომ დაიბლოკება ჩრდილოეთის განშტოება და ჩრდილოეთის განშტოებაზე – საქართველოს ტერიტორიაზე გადის უზარმაზარი ინფრასტრუქტურა: დაწყებული ნავთობსადენებით, დამთავრებული საგზაო ინფრასტრუქტურით, რომელიც იქმნებოდა 30 წლის განმავლობაში.
- ტარიფები სარკინიგზო გადაზიდვებზე, თქვენ ფიქრობთ, რუსეთის ინტერესის შესაბამისად გაზარდა „ოცნების“ მთავრობამ? როგორ უნდა ემოქმედა ამ დროს ობიექტურად „ოცნების“ ხელისუფლებას?
ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იყო თუ არა ტარიფების შეცვლა განზრახ გაკეთებული, თუმცა ამ ქმედებების შედეგად ნამდვილად რუსეთის ინტერესები დაკმაყოფილდა – საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა ისევ და ისევ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ.
„ქართული ოცნების“ მთავარი სტრატეგიული შეცდომა არის ის, რომ ისინი რჩებიან რეგიონში ყოველგვარი მოკავშირის გარეშე. თუ საქართველოსნაირი მცირე ზომის ქვეყანა რჩება ძლიერი მოკავშირის გარეშე, ამ შემთხვევაში ნებისმიერი მხარე, ნებისმიერი მეზობელი ეცდება საკუთარი ეროვნული ინტერესების გატარებას.
ამ შემთხვევაშიც აშკარაა, რომ „ოცნების“ მთავარი შეცდომა არის მათ მიერ არჩეული იზოლაციონისტური გზა, რომლის გამოც ჩვენ ვრჩებით მოკავშირის გარეშე. თუ ჩვენ ვრჩებით მოკავშირის გარეშე, ეს ნიშნავს, რომ ყველა მეზობელი ეცდება საკუთარი ეროვნული ინტერესების ინტენსიურ გატარებას, მათ შორის, შესაძლებელია, ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდაც.
აზერბაიჯანი ცდილობს საკუთარი ეროვნული ინტერესების გატარებას საკმაოდ ინტენსიურად და მათთვის ახლა ამ მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება არის დიპლომატიური და პოლიტიკური სიგნალის გაგზავნა „ქართული ოცნებისთვის“, რომ ასეთი ქმედებები მიუღებელია და თუ ეს ასე გაგრძელდება, აზერბაიჯანი იძულებული იქნება, გაცილებით უფრო ინტენსიურ დიპლომატიურ ნაბიჯებს მიმართოს.
- ეს რატომ აწყობს აზერბაიჯანს? თუ საქართველოში გაიზრდება რუსეთის გავლენა, ეს ხომ პირდაპირ უქმნის საფრთხეს მთლიანობაში სამხრეთ კავკასიის რეგიონს?
ნამდვილად, თუმცა ზუსტად ამიტომაც არის საუბარი სამხრეთის განშტოებაზე. ეს ერთგვარი გაფრთხილებაა საქართველოსთვის, რომ აზერბაიჯანს აქვს რესურსი და ეკონომიკური პოტენციალი, რომ სამხრეთის განშტოების სწრაფად ამოქმედდეს.
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღი, ინფრასტრუქტურა წარმოუდგენლად მოკლე პერიოდში აშენდა. შესაბამისად, აზერბაიჯანს აქვს, როგორც გამოცდილება, ასევე ფინანსური რესურსი, რომ სამხრეთის განშტოების სწრაფად ამოქმედდეს იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს მსგავსი ნაბიჯების გადადგმას აზერბაიჯანისადმი, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში.
- „ქართული ოცნების“ მთავრობაში თქვეს, ერთჯერადად, უსასყიდლოდ გავატარებთო აზერბაიჯანულ ტვირთსო. რას აჩვენებს ეს რეაქცია?
ეს აჩვენებს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სიგნალი მიიღო და იმოქმედა ამ სიგნალთან შესაბამისად. თუმცა ეს არის ერთჯერადი გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვიცით გრძელვადიან პერსპექტივაში როგორ იმოქმედებს „ქართული ოცნება“. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში გაგრძელდება ევროიზოლაცია და რუსული გავლენების გაძლიერება, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი გააძლიერებს ფიქრს სამხრეთ განშტოების ინტენსიურად ამოქმედებაზე.
„ქართული ოცნება“ ზოგადად არ აახლებს არც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას, არც საგარეო ხედვის სტრატეგიას.
თუმცა თუ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს იზოლაციონისტური მიდგომები და რუსული გავლენების გაძლიერება გაგრძელდება, საქართველო აღარ იქნება განხილული, როგორც უსაფრთხო, სტაბილური და სანდო პარტნიორი. ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო მეტად გაიზრდება სამხრეთ განშტოებაზე ყურადღების გადატანის შესაძლებლობა. რაც იქნება ჩვენთვის სერიოზული ეკონომიკური ზიანი: იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გამოგვეყენებინა არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობა და უფრო მეტი ინტენსივობით აგვეშენებინა შუა დერეფანი, გამოდის, რომ საერთოდ თამაშგარე მდგომარეობაში ვრჩებით.
ერთადერთი, თუ გალის რაიონში აშენებული ტერმინალის იმედზე არის „ქართული ოცნება“, არა მგონია, რომ ეს გრძელვადიანად სწორი ეკონომიკური გათვლა იყოს.
- რაც შეეხება სომხეთს: რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის ფაშინიანის მერცთან შეხვედრაზე გაჟღერებული გზავნილებიდან?
ყველაზე მნიშვნელოვანი, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც, არის სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმება გერმანიას და სომხეთს შორის.
ტრადიციულად და ისტორიულად გერმანიის პარტნიორი კავკასიაში, იყო საქართველო, პირველი რესპუბლიკიდან მოყოლებული. „ქართული ოცნების“ ქმედებებმა, გერმანიის ელჩზე თავდასხმებმა, გამოიწვია ელჩის გაწვევა საქართველოდან და ასე შემდეგ. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, გერმანია ცდილობს, დაეხმაროს კავკასიაში იმ ქვეყანას, რომელსაც აქვს სურვილი, რომ მას დაეხმარონ. ეს არის სომხეთი.
- შეიძლება ითქვას, რომ ჩანაცვლდა სამხრეთ კავკასიაში საქართველო სომხეთით?
ჯერჯერობით ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიდის, მაგრამ თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ევროიზოლაციის პოლიტიკას და რუსული გავლენების ზრდას, რა თქმა უნდა, სომხეთი პირდაპირ ჩაანაცვლებს კავკასიაში საქართველოს.
- თქვენი აზრით, რატომ გაამახვილა ყურადღება მერცმა რუსული დეზინფორმაციის საფრთხეზე, რეალურია ის, რომ 2026 წლის ივნისის არჩევნებზე რუსეთმა ჰიბრიდული ომის გამოყენებით სომხეთში ფაშინიანი პრორუსი კანდიდატით შეცვალოს?
რუსეთი ძალიან აქტიურად იყენებს დეზინფორმაციას და პროპაგანდას. ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ, რამდენად აქტიური იყო რუსული პროპაგანდა მოლდოვის არჩევნების პერიოდში. რა თქმა უნდა, ზუსტად იგივე მეთოდოლოგიას გამოიყენებს რუსეთი სომხეთში ფაშინიანის და ევროკავშირის წინააღმდეგ. რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი ბოლო პერიოდში გახდა პროპაგანდის ინფრასტრუქტურა, რომელსაც ისინი ძალიან აქტიურად იყენებენ, თანაც არამხოლოდ არჩევნების პერიოდში. ისინი ცდილობენ, რომ შეამზადონ საზოგადოება, შეამცირონ მისი მედეგობის უნარი და საჭირო მომენტში გამოიყენონ ყველა შიში მათთვის სასარგებლო კანდიდატის გასაძლიერებლად.
ჯერჯერობით ცოტა ნაადრევია პროგნოზების გაკეთება სომხეთის არჩევნებზე. ვნახეთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკმაოდ რთული მდგომარეობა იყო, ასევე, თუ ჩვენ გადავხედავთ მანამდე გაკეთებულ კვლევებს, დავინახავთ, რომ ზოგადად ევროკავშირისადმი დამოკიდებულება სომხურ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ არის სტაბილური – უფრო დადებითია, ვიდრე უარყოფითი, მაგრამ ეს დამოკიდებულება არ არის მყიფე. შესაბამისად, ამ მოცემულობაში, რუსეთისთვის მარტივია, გაავრცელოს სხვადასხვა პროპაგანდისტული ნარატივი, მითი და სცადოს სომხეთის მოქმედი ხელისუფლების გაშავება.