მარტის თვეში პანამის არხში, რომელიც მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე დატვირთული სანაოსნო არხია, სატრანსპორტო გემების რაოდენობა დღიურად საშუალოდ 33.7-მდე შემცირდა და ჯამურად 1045 შეადგინა - ამის შესახებ ინფორმაციას არხის მმართველი ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თებერვალში დღიური საშუალო ნაკადი 34.8 გემი იყო, რაც იანვართან შედარებით გაზრდილი, თუმცა დაშვებულ მაქსიმუმზე დაბალი მაჩვენებელია.

პანამის არხის გამტარიანობა მიმდინარე წელს დღიურად მაქსიმუმ 36 გემამდეა შეზღუდული, მიუხედავად იმისა, რომ გვალვასთან დაკავშირებული შეზღუდვები არხის ადმინისტრაციამ გასული წლის მესამე კვარტალში მოხსნა. ამავე პერიოდში არხის გავლით ტრანზიტის ღირებულება, გასულ წელთან შედარებით, 15%-ით შემცირდა.

2023-2024 წლების მიჯნაზე მწვავე გვალვის გამო სანაოსნო არხზე, რომელიც ატლანტის და წყნარ ოკეანეებს აკავშირებს, გასატარებელი გემების რაოდენობაზე შეზღუდვები დაწესდა, რამაც გაზრდილი გადასახადები და მოლოდინის გაზრდილი დრო გამოიწვია.

პანამის არხის მიმართ მზარდი ინტერესი აქვს აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასაც - დონალდ ტრამპის განცხადებით, თეთრი სახლი სატრანზიტო ფასებს უწევს მონიტორინგს. ტრამპისვე თქმით, შეერთებული შტატები არხის მართვას გადაიბარებს იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ ჩინური კომპანიების წარმომადგენლობა ეროვნული უსაფრთხოების რისკებს.

წყარო:bm.ge