„9/11-ის“ ბავშვებს ჯანმრთელობის შესახებ მასშტაბური კვლევა პირველად ჩაუტარდებათ.

ამ თემაზე Reuters-ი წერს.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, 2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის „ტყუპი კოშკების“ ჩამონგრევის დროს ქვემო მანჰეტენსა და ბრუკლინში დაახლოებით 25000 ბავშვი ცხოვრობდა ან სკოლაში დადიოდა. მათ შორის იყვნენ ჩვილები, მცირეწლოვანი ბავშვები და ისინიც, რომლებიც იმ დროს ჯერ კიდევ დედის მუცელში იყვნენ.

Reuters-ის თანახმად, კოშკების ჩამონგრევის შემდეგ ეს ბავშვები უზარმაზარი ტოქსიკური ღრუბლისა და მტვრის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდნენ. ჰაერში იყო დამსხვრეული ბეტონისა და მინის ნაწილაკები, აზბესტი და სხვა დამაბინძურებლები.

თუმცა, ტერაქტის შემდეგ შექმნილ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებში ამ ბავშვების უმეტესობა ხანგრძლივ კვლევებში არ ჩართულა. კვლევების ძირითადი ყურადღება პირველ რეაგირებაზე მომუშავე პირებსა და ზრდასრულ ადამიანებზე იყო მიმართული, რომლებიც ტერაქტის სიახლოვეს იმყოფებოდნენ.

შედეგად, მეცნიერებს დღემდე არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, რა გავლენა იქონია ბავშვობაში მიღებულმა ტოქსიკურმა ზემოქმედებამ მათ ჯანმრთელობაზე ათწლეულების განმავლობაში.

ახლა ამ ადამიანებიდან ბევრი უკვე 30-40 წლისაა — სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ზოგიერთი ქრონიკული დაავადება იწყებს გამოვლენას. მეცნიერებს განსაკუთრებით აინტერესებთ კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემების შესაძლო კავშირი 9/11-ის დროს მიღებულ ზემოქმედებასთან.

მთავარი კითხვა ისაა, გაზარდა თუ არა ტოქსინებთან და 9/11-ის ტრავმასთან ხანგრძლივმა შეხებამ ამ ადამიანებში დაავადებების განვითარების რისკი.

აშშ-ის კონგრესმა ჯერ კიდევ 2022 წელს განაცხადა, რომ ასეთი კვლევა დაფინანსდებოდა. კვლევას დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ზედამხედველობით ჩაატარებენ.

CDC-მ 2026 წლის აგვისტოში გამოაცხადა, რომ ეძებს მკვლევარებს, რომლებიც შექმნიან World Trade Center Youth Research Coordinating Center-ს და ჩამოაყალიბებენ ახალგაზრდობის კვლევით ჯგუფს.

კვლევაში ჩაერთვებიან ადამიანები, რომლებიც 2001 წლის 11 სექტემბერს 21 წლის ან უფრო ახალგაზრდები იყვნენ, ან ჯერ კიდევ მუცლად იმყოფებოდნენ, ცხოვრობდნენ ან იმყოფებოდნენ მანჰეტენზე მე-14 ქუჩის სამხრეთით ან ბრუკლინში.


შედარებისთვის მკვლევარები ასევე შეისწავლიან დაახლოებით იმავე ასაკის ადამიანებს, რომლებიც 9/11-ის ზემოქმედებას არ განიცდიდნენ.

ჯერ უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანის ჩართვას გეგმავს CDC აღნიშნულ კვლევაში. სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, პროგრამის საერთო დაფინანსებამ შესაძლოა 50 მილიონ დოლარამდე მიაღწიოს. კვლევის სავარაუდო დაწყების თარიღად კი 2027 წლის 1 ივლისი თარიღდება.

რატომ არის კვლევა მნიშვნელოვანი?

ზრდასრულ გადარჩენილებსა და პირველ რეაგირებაზე მომუშავე ადამიანებში მეცნიერებმა უკვე აღმოაჩინეს ათობით ტიპის კიბო და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები, რომლებიც 9/11-ის დროს მიღებულ ზემოქმედებას უკავშირდება.

ბავშვებზე არსებული მონაცემები კი ძირითადად მცირე მასშტაბის კვლევებიდან მოდის. ამიტომ მეცნიერებს ჯერ არ შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ, რა გრძელვადიანი შედეგები მოჰყვა იმ დღის ტრაგიკულ მოვლენას ადამიანებისთვის, რომლებიც მაშინ ბავშვები იყვნენ.

მკვლევრების აზრით, ამ ადამიანების შესწავლა მხოლოდ 9/11-ის შედეგების გასაგებად არ არის მნიშვნელოვანი. მიღებული ცოდნა შეიძლება მომავალში დაეხმაროს ექიმებსა და ხელისუფლებას სხვა კატასტროფების, ომებისა და ტოქსიკური გარემოს ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბავშვების ჯანმრთელობის დაცვაში.

წყარო: jandacva.ge