მიმდინარე წლის ბოლოსთვის რუსეთის ბიუჯეტიდან თავდაცვის ხარჯები 17 ტრილიონ რუბლს, დაახლოებით 199 მილიარდ დოლარს, მიაღწევს. ეს დაახლოებით 40 პროცენტით მეტია იმ თანხაზე, რომელიც რუსეთის მთავრობამ 2025 წლის ბოლოს ბიუჯეტის თავდაპირველ ვერსიაში გაითვალისწინა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ რუსეთის მთავრობის კაბინეტთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეს თანხა თითქმის უტოლდება 2027 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ სამხედრო ხარჯებს.
„ბლუმბერგის“ შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა ერთი წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით. მაშინ მოსკოვი სამხედრო ხარჯების ზრდის შეზღუდვას გეგმავდა, რათა ბიუჯეტის დეფიციტი შეემცირებინა და ომის შედეგად დახარჯული რეზერვები აღედგინა.
სააგენტო რუსეთის ხელისუფლების მიერ მიმდინარე წლის სამხედრო ხარჯების ზრდას იმით ხსნის, რომ ალასკაზე გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ვლადიმირ პუტინი მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთისთვის მისაღები შეთანხმების მიღწევა ომის დასრულების შესახებ ვერ მოხერხდება და სამხედრო მოქმედებების ესკალაციაა საჭირო.