აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას განათლების დეპარტამენტის დაშლის შესახებ. ინფორმაცია ამერიკულ მედიაში ვრცელდება.

"ჩვენ დავშლით მას და ყველამ იცის, რომ ეს სწორია. ჩვენ ამ ქვეყანაში განათლების მხრივ საქმე კარგად არ გვაქვს, რაც დიდი ხანია, ასეა". - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში აღმასრულებელ ბრძანებაზე ხელის მოწერის ცერემონიაზე.

ტრამპი მიიჩნევს, რომ განათლების დეპარტამენტი მფლანგველური და ლიბერალური იდეოლოგიით "დაბინძურებულია". თუმცა, მიუხედავად აღმასრულებელი ბრძანებისა, დეპარტამენტის დაშლა კონგრესის თანხმობის გარეშე ვერ მოხდება, რომელმაც იგი 1979 წელს შექმნა.

Associated Press-ის ცნობით, რესპუბლიკელი კონგრესმენები ამბობენ, რომ ისინი კანონპროექტს წარადგენენ, რომლითაც ტრამპის ბრძანების აღსრულება შესაძლებელი გახდება.

დეპარტამენტი, ამის მიუხედავად, სრულად არ გაუქმდება. თეთრი სახლის განცხადებით, განათლების დეპარტამენტი კრიტიკულ ფუნქციებს შენარჩუნებს.

როგორც ტრამპმა განაცხადა, ადმინისტრაცია დეპარტამენტის იმ ნაწილს დახურავს, რომელიც "ძირითადი აუცილებლობის" მიღმაა და შეინარჩუნებს ისეთ ფუნქციებს, როგორებიცაა დაბალშემოსავლიანი სკოლების დაფინანსება, კოლეჯის სტუდენტებისთვის ფინანსურ საჭიროებაზე დაფუძნებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი დაფინანსებების გაცემა. თეთრი სახლის განცხადებით, დეპარტამენტი ასევე გააგრძელებს ფედერალური სტუდენტური სესხების მართვასაც.

ტრამპის თქმით, აშშ-ში აკადემიური მოსწრების გაუარესებული მაჩვენებელი დეპარტამენტის ბრალია, ხოლო განათლების სფეროში შტატების ავტონომია უკეთეს შედეგებს მოიტანს. ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, განათლებასთან დაკავშირებით უფლებამოსილება შტატებს უნდა დაუბრუნდეს.

"კარგს არაფერს გვაძლევს". - Associated Press-ის ცნობით, თქვა ტრამპმა თეთრი სახლში აღმასრულებელ ბრძანებაზე ხელის მოწერისას.

აღმასრულებელი ბრძანებით, განათლების დეპარტამენტის დაშლა ტრამპმა განათლების მის მიერვე დანიშნულ მინისტრს, ლინდა მაკმაჰონს დაავალა.

"იმედია, ის განათლების ბოლო მინისტრი იქნება". - თქვა ტრამპმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას.

ლინდა მაკმაჰონი World Wrestling Entertainment-ის (WWE) თანადამფუძნებელია და ტრამპის გარდამავალი გუნდის თანათავმჯდომარე იყო.

მაკმაჰონი ტრამპის დიდი ხნის მოკავშირეა და მისი პირველი პრეზიდენტობის პერიოდში იგი მცირე ბიზნესის ადმინისტრირების სამთავრობო სააგენტოს ხელმძღვანელობდა. მას ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიისთვის მილიონობით დოლარი აქვს შეწირული.

ცნობისთვის, ტრამპი განათლების დეპარტამენტს წინასაარჩევნო პერიოდშივე აკრიტიკებდა და პირობა დადო, რომ გამარჯვების შემთხვევაში დეპარტამენტს გააუქმებდა.

Tabula.ge