„საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის“ ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია მიიჩნევს, რომ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესება გარკვეული კომპანიებისთვის ფინანსური მოგების მიღებას ემსახურებოდა. ეკონომისტი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილებამ ბირჟებზე აქციების ფასების დაცემა გამოიწვია. განცხადების გაკეთებიდან კი რამდენიმე საათში ტრამპმა თქვა, რომ აცხადებდა მორატორიუმს და ტარიფების მოქმედებას 90 დღით აჩერებდა. ამ ნაბიჯმა კი ბირჟებზე რყევები გამოიწვია, რაც რიგმა კომპანიებმა სათავისოდ გამოიყენეს. ეკონომისტი არ გამორიცხავს, რომ ამ კომპანიებმა კარგად იცოდნენ ტრამპის ქმედებების შესახებ და მათ შესაბამისად იმოქმედეს, რითაც რიგმა კომპანიამ თანხების გაკეთება მოახერხა. ნიკა შენგელია არ გამორიცხავს, რომ დონალდ ტრამპმა ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები შეაჩეროს ან გააუქმოს. ამ გადაწყვეტილების უკან კი ბირჟებზე ცვლილებების გამოწვევა და თანხების მოგების მიზანი დგას.
„არ გამოვრიცხავ, რომ ახლო მომავალში ტრამპმა გააკეთოს განცხადება, რომ ჩინეთს დროებით უჩერებს ტარიფებს. რაღაც მიზეზებს მოიყვანს. ამას მოჰყვება დოლარის ინდექსის გამყარება. იძულებული იქნება თუ ბირჟებზე თანხების გაკეთების მიზნით გააკეთებს ეს რთული სათქმელია. ჩემს სუბიექტურ აზრად ჩათვალეთ, რომ რაც მოხდა ეს იყო მიზანდასახული სვლა, იმისათვის, რომ გარკვეულ კომპანიებს მილიარდები გაეკეთებინათ ბირჟაზე. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ახლო მომავალში გააუქმოს ან შეუჩეროს ჩინეთს ტარიფების მოქმედება გარკვეული ვადით. რაც გამოიწვევს დოლარის ინდექსის გაძლიერებას და ბირჟებზე აქციების ფასების მატებას. ამ მოძრაობებზე რა თქმა უნდა დიდი თანხების გაკეთებას მოახერხებენ კომპანიები, რომლებსაც ეცოდინებათ ეს ,ინსაიდერული“ ინფორმაცია. მოხდა ასეთი ფაქტი, რომ დილით 9 საათზე ტრამპი აწესებს ტარიფს. იცოდა ამას რაც მოჰყვებოდა, რომ ბირჟები დაეცემოდა. ბირჟებმა დაიწყეს დაცემა და ზუსტად 6 საათის შემდეგ აკეთებს მეორე განცხადებას, რომ დროებით აუქმებს 10%-იან ტარიფს, აცხადებს მორატორიუმს და 90 დღით აჩერებს 10%-იანი ტარიფის მოქმედებას. რასაც მოჰყვებოდა ბირჟების აღმასვლა. ძალიან დიდი თანხები გაკეთდა გარკვეული კომპანიების მიერ. ფაქტობრივად ეს იყო „ინსაიდერული“ ინფორმაცია. იცოდნენ რას იტყოდა ამერიკის პრეზიდენტი. როდესაც ასეთი რამ ხდება და ამას, ამ თამაშს ღიად აკეთებს ამერიკის პრეზიდენტი, მის მოქმედებაზე გარკვეულ ფირმებს ეცოდინებოდათ. ინფორმაცია ფაქტობრივად, ასე ვთქვათ გაყიდული იყო.’’- აცხადებს ნიკა შენგელია.
ეკონომისტი ამერიკული დოლარის არასტაბილურ კურსს ამ ნაბიჯებს უკავშირებს. ნიკა შენგელია ამბობს, რომ ტრამპის გადაწყვეტილებებმა და სატარიფო ომმა დოლარი არასტაბილურ ვალუტად აქცია, რის გამოც ის გაუფასურდა. ეკონომისტი მიიჩნევს, რომ ეს დოლარის შესუსტების ტენდენცია ერთი თვე გაგრძელდება.
,,ეს ტენდენცია განპირობებულია დოლარის ინდექსის შესუსტებით მსოფლიოში. მოგეხსენებათ, რა ვითარებაა სატარიფო ომთან დაკავშირებით. არასტაბილური გახდა დოლარი, როგორც მყარი ვალუტა, მაგრამ ეს დროებითი ვითარებაა და სიტუაცია ბირჟებზე გამოსწორდება. ამ გაურკვევლობას ხელი შეუწყო ტრამპის მიერ რამდენიმე დღის წინ 145%-მდე ტარიფების გაზრდამ. ასეთი თამაშის შემდეგ რა თქმა უნდა დოლარის ინდექსი ვერ იქნება გათვლილი და მისი პროგნოზი ვერ იქნება ზუსტად გათვლილი. რაც გარკვეულ თავსატეხს უჩენს თვითონ ტრეიდერებს, საინვესტიციო კომპანიებს და ამიტომ ჩვენ ვხედავთ იმ ვითარებას, რომ ფაქტობრივად დოლარი შესუსტებულია. არასტაბილური ვითარება დოლართან დაკავშირებით ერთი თვე მაინც გაგრძელდება. ასე ვთქვათ უპროგნოზო ვითარებაა და ძნელია პროგნოზის გაკეთება, როდესაც თვითონ სახელმწიფოს მეთაური ჩაერთო სიტყვებით მანიპულაციით და ქმედებებით ბირჟების თამაშებში.’’- აცხადებს ნიკა შენგელია.