აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ მის ირგვლივ შექმნილმა ატმოსფერომ გამოიწვია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში არ მიაჩნიათ, რომ ტრამპზე მკვლელობის მცდელობა აშშ-ის ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული.

„მაგრამ კანდიდატი ტრამპის ირგვლივ შექმნილმა ატმოსფერომ გამოიწვია ის, რის წინაშეც დღეს ამერიკა დგას“, - დასძინა პესკოვმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.