სამუშაო გარემოში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ინდოეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა. 47 ქვეყანაში ჩატარებული საერთაშორისო კვლევის მიხედვით, ინდოელი დასაქმებულების 91% სამუშაო პროცესში AI-ს იყენებს. რეიტინგის მეორე პოზიციას ჩინეთი იკავებს 88%-ით, მესამეზე კი ნიგერიაა — 85%-იანი მაჩვენებლით.

Visual Capitalist-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მელბურნის უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანია KPMG-ის 2025 წლის კვლევას ეფუძნება. გამოკითხვა 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის იანვრამდე პერიოდში ჩატარდა და იმ თანამშრომლების წილს ასახავს, რომლებიც სამუშაოს შესასრულებლად ხელოვნურ ინტელექტს სულ მცირე რამდენიმე თვეში ერთხელ მაინც განზრახ იყენებენ.

ყველაზე აქტიური მომხმარებლების ხუთეულში ასევე მოხვდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროები და ეგვიპტე, ორივე 84%-იანი მაჩვენებლით. მათ მოსდევენ საუდის არაბეთი — 82%, კოსტა-რიკა — 76%, ბრაზილია — 75%, სამხრეთ აფრიკა — 74% და თურქეთი — 69%. აღსანიშნავია, რომ სამუშაო გარემოში AI-ის გამოყენების ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე პირველი ექვსი ქვეყანა აზიასა და აფრიკაში მდებარეობს.

47 ქვეყნის საერთო მაჩვენებლის მიხედვით, დასაქმებულთა 58% სამუშაო პროცესში ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, თუმცა მისი გამოყენება ყოველთვის ნდობას არ ნიშნავს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 53% აცხადებს, რომ სამუშაო მიზნებისთვის AI-ის ნდობისთვის მზად არის. მაგალითად, ჩინეთში ხელოვნურ ინტელექტს დასაქმებულთა 88% იყენებს, თუმცა მისი ნდობის მაჩვენებელი 73%-ია. ინდოეთში კი ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 91% და 81%-ს შეადგენს.