დონალდ ტრამპის მემკოინის, $TRUMP-ის ფასი მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ტოპ-220 მფლობელი პრეზიდენტთან ექსკლუზიურ სადილზე დასწრების შანსს მიიღებს. ღონისძიება 22 მაისს ვაშინგტონის გარეუბანში, ტრამპის კერძო გოლფ-კლუბში ჩატარდება.

$TRUMP-კოინის ღირებულება ოთხშაბათს თითქმის 70%-ით გაიზარდა და 15.47 აშშ დოლარს მიაღწია, თუმცა დღეს დაახლოებით 12.55 აშშ დოლარზე დასტაბილურდა. შედეგად, $TRUMP-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 2.46 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, თუმცა ეს მაჩვენებელი ჯერ კიდევ შორსაა მის ისტორიულ მაქსიმუმამდე — $15 მილიარდამდე.

აღნიშნულმა სიახლემ გავლენა მოახდინა აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის $MELANIA-კოინზეც, რომლის ფასიც 30%-ით გაიზარდა.

დონალდ ტრამპის მემკოინის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ექსკლუზიურ სადილზე პრეზიდენტი მიწვეულ სტუმრებს ($TRUMP-ის ტოპ-220 მფლობელს) კრიპტო-ეკონომიკის მომავალთან დაკავშირებით თავის ხედვებს გაუზიარებს. მემკოინის ტოპ-25 მფლობელი კი დამატებით „ულტრა-ექსკლუზიურ VIP მიღებასა“ და „სპეციალურ ტურს“ დაესწრება. ამ ეტაპზე უცნობია, რას მოიცავს ეს ტური, თუმცა წინა ვერსიაში მითითებული იყო „სპეციალური VIP ტური თეთრ სახლში“, რომელიც საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ამოღებულია.

სტუმართა შერჩევა ვებსაიტზე მოცემულ რეალურ დროში განახლებადი რეიტინგის მიხედვით მოხდება. საბოლოო გადაწყვეტილება კი 12 მაისს გამოცხადდება.

forbes.ge