მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანიის, Air China-ს პრეზიდენტს, ცუ გუანგძს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის საავიაციო კავშირების გაფართოება და პეკინიდან პირდაპირი რეისების დანიშვნის პერსპექტივები განიხილეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთს შორის საავიაციო მიმოსვლის გაფართოების, მათ შორის პეკინიდან პირდაპირი ფრენის დანიშვნის შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის მგზავრთნაკადი სტაბილურად იზრდება. 2025 წელს ჩინურმა ავიაკომპანიებმა პირდაპირი რეისებით 100 500-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანეს, რაც წინა წლის მაჩვენებელს 75.7%-ით აღემატება. ზრდის ტენდენცია 2026 წელსაც გრძელდება - 2026 წლის პირველ 8 თვეში პირდაპირი ფრენებით 85 669 მგზავრმა ისარგებლა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31%-იანი მატებაა. ამასთან, 28%-ით გაიზარდა არაპირდაპირი მგზავრთნაკადიც პეკინისა და კუანგჭოუს მიმართულებებით.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, Air China საქართველოს მიმართულებით ჩინეთის სხვა ქალაქებიდან ფრენების დაწყების შესაძლებლობებს შეისწავლის. გარდა ამისა, იგეგმება შუალედური პუნქტების გავლით ორ ქვეყანას შორის საჰაერო დაკავშირებადობის კიდევ უფრო გაზრდა.