თუ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დონალდ ტრამპი ფართომასშტაბიან ტარიფებს დააწესებს და შიდა გადასახადებს შეამცირებს, ევრო შესაძლოა, 10%-ით დაეცეს.

ამის შესახებ Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რასაც Reuters ავრცელებს.

ტრამპის რადიკალურმა ეკონომიკურმა გეგმამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ევროპაზე, რომელიც აშშ-ისა და ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია.

Goldman Sachs წერს, რომ თუ საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნებში “რესპუბლიკელები” გაიმარჯვებენ, შესაძლოა, უფრო მაღალი ტარიფები დაწესდეს, გადასახადები კი შემცირდეს, რაც ეკონომიკის სტიმულირებას ხელს შეუწყობს.

კერძოდ, აშშ-ის ყველა იმპორტზე 10%-იანი ტარიფის, ხოლო ჩინეთიდან პროდუქტებზე 20%-იანი გადასახადის დაწესებამ, შესაძლოა, გადასახადების შემცირებასთან ერთად დოლარის მკვეთრი ზრდა, ევროს კი 8-10%-ით დაცემა გამოიწვიოს. ეს ზომები, სავარაუდოდ, გაზრდის ინფლაციას, რის შედეგადაც აშშ-ში, ევროპასთან შედარებით, საპროცენტო განაკვეთი და დოლარის მიმზიდველობა მოიმატებს.

ევრო ამჟამად 1,083 დოლარს შეადგენს. ბოლოს ის პარიტეტზე დაბლა 2022 წლის ნოემბერში დაეცა.

bpn.ge