ეს ჯერ წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც ინაუგურაციის დროსაც განმეორდა: „ამ დღიდან შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი - კაცი და ქალი“, - განაცხადა 20 იანვარს დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში. მოგვიანებით გამოცემულ აღმასრულებელ ბრძანებაში, რომელიც ყველა ფედერალურ სააგენტოს დაეგზავნა, ამ დაპირებას კიდევ ერთი მოთხოვნა დაემატა: „სქესი არ უნდა შეიცვალოს და ის ფუნდამენტურ და უდავო რეალობაზე უნდა იყოს დაფუძნებული“. ტრამპის ადმინისტრაციამ, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, შეერთებულ შტატებში ტრანსგენდერი ადამიანების უფლებების შემზღუდავი ზომები გააძლიერა.
ეს განკარგულებები, განსაკუთრებით კი ბრძანება, რომელიც ტრანსგენდერების სპორტში მონაწილეობას შეეხება, ლგბტქვ+ პირთა უფლებების დამცველ ასოციაციებს ძალიან აშფოთებთ.
ტრანსსექსუალებისთვის მოგზაურობის რჩევების მიცემა დასრულდა
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდის ის ნაწილი, რომელიც მოგზაურებს რჩევებს აძლევს, გარკვეულწილად შეიცვალა: ინტერნეტ-მომხმარებლებმა ჩანართში „რჩევები მგზავრებს“ უმალ შენიშნეს, რომ ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული რჩევები LGBTQIA + პირებს მთლიანად აღარ ეხებათ და ის განკუთვნილია მხოლოდ LGB (ლესბოსელები, გეები და ბისექსუალები) პირთათვის. ანუ, TQIA (ტრანსები, ქვიარები, ინტერსექსუალები და სხვა) ნაწილი ვებ-გვერდიდან საერთოდ გაქრა.
„ეს ჩემი, როგორც ქალის, პასპორტის დასასრული, ზიზღით ვარ სავსე“.
მიმდინარე წლის 25 იანვარს შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, შეწყვიტოს პასპორტების გაცემა X სქესის მითითებით. ეს გადაწყვეტილება ეხება არა მხოლოდ პასპორტებს, არამედ ყველა ოფიციალურ სამთავრობო დოკუმენტს.
აქედან გამომდინარე, ტრანსსექსუალები ახალ პასპორტებს მიიღებენ იმ სქესის მითითებით, როგორადაც ისინი დაიბადნენ. ერთ-ერთმა ტრანსგენდერმა სოციალურ ქსელებში თავის გამომწერებს აუწყა, რომ ახლახან აიღო ახალი პასპორტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ის არის არა F (ქალი), არამედ M (მამაკაცი): „ზიზღით ვარ სავსე“, - დაწერა მან.
წყარო: 1 არხი